უნივერსიტეტებში სწავლის საფასური და გრანტის მოცულობა 2021-2021 წლამდე არ შეიცვლება

უნივერსიტეტებში სწავლის საფასური და გრანტის მოცულობა არ გაიზრდება - ამის შესახებ კანონპროექტი პარლამენტშია წარდგენილი.

შესაბამისად, როგორც ცნობილია, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლის საფასური 2 250 ლარი, ხოლო 100%-იანი დაფინანსების მოცულობაც ასევე 2 250 ლარია. მსგავსი მოცულობები 2005-2006 სასწავლო წლიდან 2018-2019 სასწავლო წლის ჩათვლით მოქმედებდა. თუმცა, კანონში დაგეგმილი ცვლილებით გადაწყვეტილება 2021-2022 წლამდე გაგრძელდება.

„იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარეობს უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის შემუშავება, აღნიშნულ პერიოდში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უმაღლეს განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნებისათვის, მიზანშეწონილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის საფასურის განსაზღვრის ვალდებულება გახანგრძლივდეს 2021-2022 სასწავლო წლის ჩათვლით.

2019-2020 სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა 12 600 000 ლარის, ხოლო სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობა 2 250 ლარის ოდენობით განისაზღვრა. საგულისხმოა, რომ 2021-2022 სასწავლო წლის ჩათვლით წლიური სასწავლო გრანტის წლიური საპროგნოზო მოცულობა და ოდენობა განისაზღვრება იგივე ოდენობით.

კანონპროექტი არ ითვალისწინებს დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობების გაზრდას. არამედ მისი მიზანია საქართველოში არსებული სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოსახლეობის უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, 2021-2022 სასწავლო წლის ჩათვლით, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს დაუდგინოს ვალდებულება უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასური განსაზღვრონ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობების შესაბამისად/ფარგლებში,“-ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

თაია არდოტელი