მაია ცქიტიშვილი არ გამორიცხავს, რომ წლის ბოლოდან სახელმწიფომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება გაწყვიტოს

ყველა ვადას უკვე დასასრული უნდა ჰქონდეს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმდინარეობის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

მაია ცქიტიშვილის თქმით, 31 დეკემბერს იწურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული, მორიგ ჯერზე გახანგრძლივებული ვადა, რის შემდეგაც მთავრობა უკვე შესაბამის ქმედებებს განახორციელებს.

"ინტერპრესნიუსის"კითხვაზე, „შესაბამის ქმედებებში“ მოიაზრება თუ არა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ხელშეკრულების გაწყვეტა, მინისტრი აცხადებს, რომ უსასრულოდ ვერ გაგრძელდება ისეთ ინვესტორთან თანამშრომლობა, რომელიც ვალდებულებებს ვერ ასრულებს.

"პრაქტიკულად, ორი წლით გახანგრძლივდა ვადა. ეს ვადა პროექტის განხორციელებისთვის იყო გამოყოფილი. იმის გათვალისწინებით, რომ უკლებლივ ყველა ვთანხმდებით, რომ ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ის პასუხისმგებლობაც, რომ უსასრულოდ არ გაგრძელდეს იმ ინვესტორთან თანამშრომლობა, რომელსაც სამწუხაროდ, აქვს სირთულეები საკუთარი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით,“ - აცხადებს მაია ცქიტიშვილი.