Cosmic Crisp - ვაშლის სახეობა, რომელიც 1 წლის განმავლობაში ინახება

აშშ-ში ვაშლის სახეობა გამოიყვანეს, რომელიც მაცივარში 1 წლის განმავლობაში ინახება და პირვანდელ გემოს სრულად ინარჩუნებს. როგორც BBC წერს, პროდუქტი გაყიდვაში უკვე გამოჩნდა, მის სელექციას კი, დაახლოებით, 20 წელი დასჭირდა.

ჰიბრიდული ვაშლი სახელწოდებით - Cosmic Crisp, სახეობებისგან - Honeycrisp და Enterprise გამოიყვანეს, რომლის კონცეფციაც პირველად ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა 1997 წელს შეიმუშავეს.

როგორც ცნობილია, პროდუქტის კომერციული განვითარებისთვის დაახლოებით, 10 მლნ დოლარი დაიხარჯა.

მომდევნო 10 წლის განმავლობაში აღნიშული სახეობის მოყვანის ექსკლუზიური უფლება მხოლოდ ვაშინგტონის შტატის ფერმერებს აქვთ.

„ეს არის ულტრა-ხრაშუნა, წვნიანი, მომჟავო, თუმცა, ამავე დროს ტკბილი ვაშლი“,- განმარტა შტატების უნივერსიტეტის სელექციის პროგრამის ხელმძღვანელმა ქეით ევანსმა.

მისივე თქმით, Cosmic Crisp წითელ ფერს ძალიან გვიან კარგავს და ამავე დროს, თავის პირვანდელ გემოს 10-12 თვის განმავლობაში ინარჩუნებს, როდესაც ის მაცივარში ინახება.

დღეის მდგომარეობით, სახელმწიფომ უკვე დაახლოებით, 12 მლნ-მდე Cosmic Crisp-ის ნერგი დარგო, თუმცა, მკაცრი სალიცენზიო პირობები არ იძლეა იმის საშულებას, რომ ის ვაშინგტონის ტერიტორიის გარეთაც მოიყვანონ.

თავდაპირველად, ვაშლის სახელწოდება WA38 იყო, თუმცა ვაშლის ზედაპირზე არსებული თეთრი ლაქების სიმრავლის გამო Cosmic Crisp დაერქვა, რაც ვარსკვლავურ ცასთან ასოცირდება.

ნინი ქეთელაური