საქართველოში ენერგეტიკული ბირჟა დაფუძნდა

საქართველოში პირველად ენერგეტიკული ბირჟა დაფუძნდა, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმება და შემდგომში დღიური ორგანიზებული ბაზრების ფორმირებისა და ბაზრის ოპერატორად ჩამოყალიბებისათვის საჭირო ღონისძიებების მომზადება, ორგანიზება და კოორდინაცია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებითა და კოორდინაციით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა“ და „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ 50/50%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნდა.

„ენერგეტიკული ბირჟა წარმოადგენს ნეიტრალურ, ობიექტურ და გამჭვირვალე ორგანიზაციას, რომელიც სათანადო ლიცენზიების მოპოვებისთანავე, უზრუნველყოფს ელექტროენერგიის შესაბამისი ორგანიზებული ბაზრების ოპერატორის ფუნქციების განხორციელებას. დღით ადრე და შემდგომში დღიური ბაზრების დანერგვასა და ოპერირებას ბირჟა უზრუნველყოფს საკონსულტაციო კომპანია Nord Pool Consulting-ის პროგრამული მომსახურების მეშვეობით.

ელექტროენერგიის თავისუფალი, კონკურენტუნარიანი და საათობრივი ენერგეტიკული ბაზრების დანერგვა იმ რეფორმის ნაწილია, რომელიც საქართველომ ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაერთიანების პირობების თანახმად უნდა განახორციელოს. ენერგეტიკული ბაზრის პროექტის საშუალებით, შესაძლებელი გახდება მეტი ინვესტიციის მოზიდვა ენერგეტიკის დარგში, ელექტროენერგიის ფასების ფორმირების პროცესი გახდება უფრო გამჭვირვალე, დაინერგება ევროპული მოდელი, რაც მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკული მდგრადობისთვის.

ელექტროენერგიის ბაზარი 2021 წლიდან ამოქმედდება და დღით ადრე, საათობრივი ბაზრისა და საბალანსო მექანიზმის დანერგვას ითვალისწინებს“,-ნათქვამია ინფორმაციაში.