მაღალი ეკონომიკური ზრდა არის შედეგი სწორი ეკონომიკური პოლიტიკის, რასაც ახორციელებს საქართველოს მთავრობა. ამ ნაწილში, ხაზგასმით მინდა გამოვყო სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე და კერძო სექტორში დასაქმებაზე ორიენტირებული როგორც საგადასახადო ისე საბიუჯეტო პოლიტიკა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ცოტნე ყავლაშვილმა „საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების შეფასებისას.
მისი თქმით, ოქტომბერში დაფიქსირებულ 5.7-პროცენტიან ზრდაში ძირითადი კონტრიბუტორები იყვნენ ის სექტორები, რომლებიც ბოლო პერიოდში გარკვეულ შეფერხებას განიცდიდნენ.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკონომიკა განაგრძობს სწრაფი ტემპით ზრდას. როგორც ცნობილია, წინასწარი შეფასებით, ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკურმა ზრდამ 5.7 პროცენტი შეადგინა. მნიშვნელოვანია, ასევე დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვების დინამიკა - ოქტომბერში ამ მიმართულებით 14%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ძალიან სასიხარულოა, რომ ის სექტორები იყვნენ ძირითადი კონტრიბუტორები ზრდაში, რომლებიც ბოლო პერიოდში გარკვეულ შეფერხებას განიცდიდნენ. ესენია: გადამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა და ტურიზმის სექტორი. ჯამში, ათი თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა შეადგინა 5.1 პროცენტი. მაღალი ეკონომიკური ზრდა არის შედეგი სწორი ეკონომიკური პოლიტიკის, რასაც ახორციელებს საქართველოს მთავრობა, ამ ნაწილში ხაზგასმით მინდა გამოვყო სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე და კერძო სექტორში დასაქმებაზე ორიენტირებული როგორც საგადასახადო, ისე საბიუჯეტო პოლიტიკა“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.