კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ამოქმედების შედეგად, არასრული 5 წლის მანძილზე ქვეყანამ 100 მილიონ ლარზე მეტი ზარალი აიცილა.
„ინტერპრესნიუსმა“ შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით "დელტას" ორგანიზაციული უზრუნვალყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს მიმართა. დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სისტემის ყოველწლიური საოპერაციო ხარჯი 3 მილიონამდე ლარს შეადგენს.
„კახეთის რეგიონი გამოირჩევა წლის განმავლობაში მოსული სეტყვის მაღალი რაოდენობით. 2014 წლის მდგომარეობით, სისტემის ექსპლუატაციამდე, სეტყვით გამოწვეული ზარალი ქვეყანას 87 495 907 მილიონი ლარი დაუჯდა. ხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, ამავე წლის ეკონომიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, „დელტას“ დაევალა კახეთის რეგიონში სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის შექმნაზე მუშაობა.
აღნიშნულ პროექტზე მუშაობის 4 წლის მანძილზე ჩამოყალიბდა როგორც ოპერირების რეგლამენტი, ისე ინსტრუქციების პაკეტი. სისტემას უკვე შეუძლია დამოუკიდებელ ერთეულად ფუნქციონირება და ვინაიდან სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის კახეთში ოპერირება არ წარმოადგენს „დელტას“, როგორც სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის პროფილურ საქმიანობას და აღარ საჭიროებს კვლევასა და განვითარებას, 2018 წელს მოხდა სერვისის ცენტრიდან გატანა“, - აცხადებენ დეპარტამენტში.
"დელტას" ორგანიზაციული უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეისათვის სისტემის დამოუკიდებელი ოპერირება ხორციელდება ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის მიერ.“ დელტა“, თავის მხრივ, ახორციელებს ამ სიახლეების დანერგვის ტექნიკურ მხარდადაჭერას, ხელშეწყობასა და უკვე მზა, ჩამოყალიბებული პროდუქტის სხვა ქვეყნებში რეალიზაციას.
სეტყვის აღმკვეთი სამუშაოების მიზანი მდგომარეობს შემდეგში: სეტყვის მარცვლების ფორმირებამდე, სპეციალური რეაგენტის ღრუბლის განსაზღვრულ სფეროებში გაფანტვის მეშვეობით, ხდება დაღმავალი სეტყვის მარცვლების ზომის მკვეთრი შემცირება ან მათი გარდაქმნა წვიმის წვეთებად.
აღნიშნული სისტემის როგორც პროგრამული და ელექტრონული ისე მექანიკური ნაწილები, დაპროექტებული და შექმნილია სრულად „დელტას“ მიერ.
იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანას კახეთის რეგიონში სეტყვით მიყენებული ზარალის ანაზღაურება უჯდებოდა საშუალოდ 50 მილიონ ლარამდე, შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულ რეგიონში სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის ინტეგრაცია ეფექტური გადაწყვეტილება აღმოჩნდა, ვინაიდან სისტემის მეშვეობით ოპერირების არასრული 5 წლის მანძილზე თავიდან იქნა აცილებული 100 მილიონ ლარზე მეტის ზარალი.
სტატისტიკა წლების მიხედვით კი ასეთია:
2015 წელს კახეთის რეგიონში „დელტას“ მიერ მოხდა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ექსპლუატაცია და მიუხედავად იმისა, რომ სისტემა მუშაობდა საცდელ-ექსპერიმენტალურ რეჟიმში, თავიდან იქნა აცილებული 24 304 550 მილიონი ლარის ზარალი.
2016 წელს სისტემის მუშაობის შედეგად თავიდან იქნა არიდებული 11 315 140 მილიონი ლარის ზარალი.
2017 წელს 25 600 000 მილიონი ლარის ზარალი.
2018 წელს კახეთის რეგიონში სისტემის მეშვეობით არიდებულ იქნა 32 922 000 მილიონი ლარის ზარალი, ასევე კახეთის რეგიონის სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ დაასრულა საცდელ ექსპერიმენტალურ რეჟიმში მუშაობა. ოპერირების 3 წლის განმავლობაში მიღწეულ იქნა სეტყვის საწინააღმდეგო სამუშაოების 95% ეფექტურობა.
2019 წელს გასროლილ იქნა 4440 რაკეტა, დამუშავებული ფართობის საერთო ოდენობამ შეადგინა 194000 ჰექტარი და დამუშავდა 174 კერა. ეფექტურობის დაანგარიშება მოხდება წლის ბოლოს, შესაბამის ინსტიტუციებთან თანამშრომლობით.
კითხვაზე, კახეთის რეგიონში რამდენი ერთეული სარაკეტო გამშვები დანადგარია განთავსებული და ხომ არ დგას დღის წესრიგში რაოდენობის გაზრდის საჭიროება, დეპარტამენტში აცხადებენ, რომ „საცეცხლე დანადგარების შესახებ ინფორმაცია არ ექვემდებარება გასაჯაროვებას. მიმდინარეობს სარეზერვო დანადგარების დამატება“.
ასვე არ ექვემდებარება გასაჯაროვებას ინფორმაცია, ამ დრომდე თუ რამდენი ერთეული სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტაა კახეთის რეგიონში გაშვებული მას შემდეგ რაც სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა ამოქმედდა.
„კლიმატური ცვლილებებიდან გამომდინარე სეტყვის ნალექის ინტენსივობა ყოველწლიურად იზრდება. მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვიდან გამომდინარე, სისტემის მუშაობა იკრძალება დასახლებული პუნქტების თავზე და განსაზღვრულ საჰაერო სივრცეში საფრენი აპარატების არსებობის შემთხვევაში. შესაბამისად, სისტემა იცავს კახეთის რეგიონის სახნავ-სათეს მიწებს, ვენახებსა და დაუსახლებელ პუნქტებს.
სისტემა უძლურია გაანეიტრალოს სეტყვასაშიში ღრუბელი მაშინ, როცა მისი მოქმედების არეალში, ქვეყნის საზღვრებს მიღმა ტერიტორიებიდან ფრონტალურ ღრუბელს შემოაქვს უკვე ჩამოყალიბებული სეტყვის მარცვალი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამასთან, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, გაფორმდა ხელშეკრულება სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის სამხრეთ ამერიკისა და ევროპის ქვეყანებისთვის მიწოდებაზე, საუბარია სისტემის როგორც მექანიკური ნაწილის, ისე პროგრამული და ელექტრონული ნაწილის მიწოდებასა და საბოლოო მონტაჟზე. პირველ ეტაპზე მოხდება საცდელი ეგზემპალარების გადაცემა, რაც დასრულდება 2019 წლის ბოლომდე, ხოლო შემდეგ მოხდება სრული სისტემის ინტეგრაცია.