მთავრობა ყოფილი მიხაილოვის საავადმყოფოს გაყიდვას პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" ფარგლებშიც შეეცდება - რა შეიცვალა საინვესტიციო ვალდებულებაში

ყოფილი მიხაილოვის საავადმყოფოს ტერიტორიას მთავრობა ახლა უკვე პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" ფარგლებში ყიდის. ამჟამად ობიექტის საპრივატიზაციო პირობები შეცვლილია. თუ აქამდე ჩატარებულ აუქციონზე საინვესტიციო ვალდებულება არანაკლებ 100 მლნ ლარს შეადგენდა, ახლა ეს 40 მლნ ლარამდე შემცირდა.

შეიცვალა ასევე ზოგადი პირობებიც, კერძოდ, თუ წინა აუქციონის მიხედვით, ინვესტორი ვალდებული იყო, ტერიტორიაზე განეთავსებინა არანაკლებ 200- ნომრიანი სასტუმრო ან მრავალფუნქციური კომპლექსი, სადაც იქნებოდა 100-ნომრიანი სასტუმრო, კომერციული ფართები და კვების ობიექტები, ახლა ეს ვალდებულება აუქციონში არ დევს. უფრო ზუსტად, ახალი პირობის მიხედვით, ინვესტორი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 48 თვის ვადაში მოაწყოს ობიექტები, (მათ შორის, სასტუმრო, ოფისები) თუმცა რამდენი ნომერი იქნება სასტუროში და ა.შ. დაზუსტბული არ არის.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი მიხაილოვის სახელობის საავადმყოფოს ტერიტორია 2015 წლის დასაწყისში 4 მლნ აშშ დოლარად გაიყიდა. მაშინ ინვესტორი ვალდებული იყო აღნიშნულ ობიექტში არანაკლებ 200-ოთახიანი, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო და სამორინე განეთავსებინა. კომპანიას სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის დასაწყისისთვის უნდა დაეწყო, თუმცა იმავე წლის ბოლოს „აღმას“ ქონება ჩამოერთვა.

როგორც მაშინ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოში განმარტავდნენ, კომპანიამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა, ვერ წარადგინა საბანკო გარანტია, არ გადაიხადა არც საპრივატიზაციო საფასური ბოლომდე, რის შემდეგაც ობიექტი კვლავ სახელმწიფო ბალანსზე გადავიდა. ეს „ამღამ“ სასამართლოში გაასაჩივრა.

მოგვიანებით, სააგენტომ ყოფილი მიხაილოვის საავადმყოფოს ტერიტორიაზე აუქციონი პროექტის – „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში გამოაცხადა. ობიექტის საწყისი ფასი 35 მილიონი ლარი იყო. თუმცა აუქციონი არ შედგა - ობიექტს იმ ეტაპზე მყიდველი არ გამოუჩნდა.

დავით აღმაშენებლის გამზირზე 60 და 60ა ნომრებში მდებარე ობიექტი სააგენტომ ახლა უკვე პროექტის - „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ გამოიტანა. აუქციონზე უძრავი ქონების საწყისი ფასი 35 მლნ ლარია, ბიჯი კი 50 000 ლარს შეადგენს.

ელზა წიკლაური