როგორც ჯერჯერობით ვხედავთ, იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით რაც გვაქვს, სამწუხაროდ, ამ ვადების შესრულება ალბათ, კონსორციუმის მიერ ვერ მოხერხდება, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმდინარეობის კომენტირებისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, 16 დეკემბერს არის შუალედური ვადა, როდესაც კონსორციუმმა უნდა წარმოადგინოს ხელმოწერილი სასესხო ხელშეკრულებები ბანკებთან.
31 დეკემბრამდე კი სრულად უნდა იყოს წარმოდგენილი ხელმოწერილი სასესხო ხელშეკრულებები, საკუთარი კაპიტალის შევსებაც უნდა მოხდეს და ხელი მოეწეროს პორტის ოპერატორ და მშენებელ კომპანიებთან ხელშეკრულებას, რასაც მინისტრის ვარაუდით, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" ვერ შეძლებს.
"31 დეკემბერს ჩვენ უკვე გვექნება საშუალება, რომ ფაქტობრივი ინფორმაციის საფუძველზე შემდეგ გადაწყვეტილებაზე ვიმსჯელოთ", -აცხადებს ცქიტიშვილი.
რაც შეეხება ხელშეკრულების სავარაუდო შეწყვეტას, ცქიტიშვილის თქმით, უკვე ორი წლით მოხდა გადავადება და უსასრულოდ გადავადება შესაძლებელი არაა.