პრობლემას, როდესაც თავის დროზე თვალებში არ შეხედავ, ის პრობლემა არსად არ გაქრება, უფრო დამძიმებული სახით როდესღაც მოითხოვს გადაწყვეტას და ეს პერიოდია ახლა, - ეს განცხადება თბილისის მთავრობის სხდომაზე ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ გააკეთა. მისი თქმით, ერთი კვირის განმავლობაში მას კომუნიკაცია ჰქონდა მიკროავტობუსების მფლობელ კომპანიასთან.
„საკმაოდ ინტენსიური კომუნიკაცია გვქონდა მიკროავტობუსების მფლობელ კომპანიასთან, ერთი კვირაა ვისმენ მხოლოდ მათ პრობლემებს. საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ მიკროავტობუსების მფლობელი კომპანიის ფინანსური პრობლემები დღეს და გუშინ არ დაწყებულა, დაიწყო რამდენიმე წლის წინ და სამწუხაროდ, ჩვენამდე მერიის არცერთმა მენეჯმენტმა რატომღაც არ ისურვა და სათანადო გამოხმაურება არ მოაყოლა ამ პრობლემებს. ეს დალექილი პრობლემები, რომელიც საკმაოდ მსუყეა და დიდ გამოწვევას წარმოადგენს, ამას დამატებული კიდევ მიკროავტობუსების ჩანაცვლების ხარჯები, არის უკვე ჩვენი პერიოდის გადასაწყვეტი. გასაგებია, რატომაც არ მიიღეს ეს გადაწყვეტილება წინა მენეჯმენტის პირობებში, რა თქმა უნდა, ეს არ იქნებოდა პოპულარული, თუმცა პრობლემას როდესაც თავის დროზე თვალებში არ შეხედავ, ის პრობლემა არსად არ გაქრება, უფრო დამძიმებული სახით, ოდესღაც მოითხოვს გადაწყვეტას და ეს პერიოდია ახლა. ამოვდივარ ისევ და ისევ იმ მოცემულობიდან, რომ მიკროავტობუსები უნდა შეიცვალოს, მე მოცემული ვადიდან ერთი კვირა დარჩენილი მაქვს და პირობას ვიძლევი ეფექტურად გამოვიყენებ და წარმოვადგენ გეგმას მიკროავტობუსების ჩანაცვლების.
ერთი რამ მინდა ვთქვა, კომპანიასთან მაქვს უთანხმოება რაღაც-რაღაცებში, როდესაც კომპანია აცხადებს, რომ ისინი ასეულობით მილიონი ლარის ზარალზე არიან, მე ამას ვარქმევ, რომ კომპანიამ ვერ მიიღო დაგეგმილი შემოსავლები, რაც ბიზნესის გადასახედიდან, რა თქმა უნდა, მიმზიდველი და სასურველი არ არის და სჭირდება გამოსწორება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კომპანია დღეს ზარალზე მუშაობს. კომპანიის შემოსავლები არის იმის საპირწონე, რაც აქვს მას ხარჯები, თუმცა ჩანაცვლების რესურსები კომპანიას არ გააჩნია. ერთ კვირას ვიყენებ ეფექტურად და ერთი კვირის თავზე, მე მოგაწვდით დალაგებულ წინადადებას“,- განაცხადა ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.