ალავერდის მონასტრის ტერიტორიაზე "მაწვნის სახლი" გაიხსნა

პროექტ "ოქროს გზის" ფარგლებში, ალავერდის მონასტრის ტერიტორიაზე "მაწვნის სახლი" გაიხსნა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა დავით შავლიაშვილმა, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ამაშუკელმა, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა და ალავერდის მონასტრის მიტროპოლიტმა დავით მახარაძემ, კახეთის რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში, ალავერდში "მაწვნის სახლის" პრეზენტაცია გამართეს.

კახეთის განვითარების პროექტი საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით 2012 წლიდან ხორციელდება. მისი ღირებულება 60 მილიონი აშშ დოლარია.

ამავე პროექტის ფარგლებში, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ალავერდის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან მიმდებარე ტურისტული ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები დაასრულა. პროექტის ფარგლებში აშენდა და აღიჭურვა "მაწვნის სახლი", რომელიც ალავერდის მონასტრის მიმდებარედ, თუშეთის დაცული ტერიტორიებისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს. "მაწვნის სახლის" მშენებლობა-აღჭურვისთვის 935 000.00 ლარი დაიხარჯა. მშენებლობაზე 50 ადამიანი იყო დასაქმებული.

აღნიშნული ტურისტული ობიექტის მიზანი ქართული ძირძველი ტრადიციების შენარჩუნებაა, სადაც ბუნებრივ დედოზე დამზადებული მაწონი, ხავიწი, ალავერდის მეფუტკრეთა თაფლი, ბუნებრივ საფუარზე დამზადებული ქართული ხორბლის შოთის პური, ადგილობრივი წარმოების გუდის ყველი და ქვევრის ღვინის წარმოება ხდება. ქვევრის ღვინოს დაყენების უძველეს მეთოდს, UNESCO-ს მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი უკვე მიენიჭა.

"მაწვნის სახლში" უკვე დასაქმდა ალავერდის მონასტრის მრევლი და ადგილობრივი მოსახლეობა. ტურისტული ობიექტის სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ, ჯამში, 30-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.

"მაწვნის სახლი" კახეთის განვითარების პროექტით გათვალისწინებული პირველი დასრულებული ობიექტია. ამავე პროექტის ფარგლებში, 2015 წლის ბოლომდე, კიდევ 9 ობიექტის დასრულება იგეგმება.