ლადო ასათიანის ქუჩაზე სპორტულ კომპლექსს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება

2020 წელს, მთაწმინდაზე, ლადო ასათიანის ქუჩაზე სპორტულ კომპლექსს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება, სადაც მულტიფუნქციური სპორტული დარბაზი გაიხსნება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, მსგავსი მულტიფუნქციური სივრცეები დედაქალაქის ყველა რაიონში უნდა იყოს განთავსებული.

„მთაწმინდაზე, ლადო ასათიანის #50-ში მდებარე სპორტულ ცენტრში, რომელსაც დღეს შეიძლება ვერ დავარქვათ სპორტული ცენტრი ისეთი მდგომარეობაა, ყველაფერი დანგრეული, განადგურებულია, მულტიფუნქციური დარბაზი გაკეთდება, სადაც სპორტის სხვადასხვა სახეობები იქნება წარმოდგენილი. გვაქვს ხარჯთაღრიცხვა და პროექტი. შესაბამისად, უშუალოდ სამუშაოები დაიწყება 2020 წლის დასაწყისში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების განხორციელება, გვინდა, რომ ყველა რაიონში იყოს მულტიფუნქციური ცენტრები“, -განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სპორტულ კომპლექსში განთავსდება მულტიფუნქციური დარბაზი, სამაგიდო თამაშების სივრცე და ქორეოგრაფიული დარბაზი. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე 81 420 ლარი დაიხარჯება, ხოლო რეაბილიტაციის სავარაუდო ღირებულება 1 712 942 ლარია.