კახა კალაძის განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირზე სამუშაოები 8 დეკემბერს დროებით შეწყდება და 8 იანვარს გაგრძელდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, კახეთის გზატკეცილზე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები 6 დეკემბერს დასრულდება და სამანქანო მოძრაობა სრულად აღდგება. ამის შესახებ კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სამუშაოების დასრულების შემდეგ კახეთის გზატკეცილი სრულად სახეშეცვლილი იქნება.

„კახეთის გზატკეცილზე სამუშაოები, მხედველობაში მაქვს საგზაო ინფრასტრუქტურა, 6 დეკემბერს დასრულდება და მთლიანად აღდგენილი იქნება მოძრაობა ყველანაირი შეფერხების გარეშე. დარჩენილი სამუშაოები, ეს იქნება ელექტროგადამცემი ბოძების, თავისი ახალი განათებებით, ახალი სანათების დამონტაჟება, ელექტროგადამცემი ხაზების მიწისქვემოთ ჩატანა, გამწვანებითი სამუშაოები, უკვე მიმდინარეობს და ბოლოს მოხდება დახაზვითი სამუშაოები. ძალიან მაგარი პროექტი გამოდის, ძალიან ლამაზი იქნება და შეიძლება იქვას, რომ მთლიანად სახეშეცვლილი იქნება კახეთის გზატკეცილი, თავისი საგზაო ინფრასტრუქტურით და თავისი კეთილმოწყობითი სამუშაოებით“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებს, კალაძის განცხადებით, სამუშაოები 8 დეკემბერს, დროებით შეწყდება და 8 იანვარს გაგრძელდება.

„თქვენ იცით, რომ ჭავჭავაძის გამზირზე სამუშაოები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს და გეტყვით, რომ 8 დეკემბრიდან კავსაძემდე, სადაც დღეს მოძრაობა გადაკეტილია, აღდგენილი იქნება და ჩვენ აქ დროებით ვაჩერებთ სამუშაოებს, რადგან მოდის ახალი წელი, დატვირთული იქნება ქალაქი და ისედაც ამ საცობებით და გადატვირთული მოძრაობით არ გვინდა, ჩვენი მუშაობით შევზღუდოთ დედაქალაქი. ამიტომ, 8 იანვრამდე ვაჩერებთ სამუშაოებს. სამუშაოებით, რომელიც 8 დეკემბრამდე დამთავრდება, მთლიანად აღდგენილი იქნება მოძრაობა, დროებით შუქნიშნები იქნება განთავსებული, ასევე იქნება ზებრა-გადასასვლელები დახაზული, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამუშაოები დასრულებულია, 8 იანვარს გავაგრძელებთ სამუშაოებს იმ დარჩენილ მონაკვეთზე, რომელიც ვაკის პარკამდე არის დარჩენილი“, - აღნიშნა კალაძემ.

რაც შეეხება გლდანს, კალაძის განცხადებით, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე 15-20 დეკემბრისთვის საგზაო მოძრაობა აღდგება.

„რაც შეეხება გლდანში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების რეაბილიტაციას, 15-20 დეკემბრისთვის ორივე ქუჩაზე, ქვედა ფენებში, მთლიანად იქნება მოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურა. ანუ, ავტომობილებს ყოველგვარი პრობლემის გარეშე ექნებათ შესაძლებლობა გადაადგილების. პარალელურად სამუშაოები გაგრძელდება - ტროტუარების, გარეგანათების ბოძების, ველობილიკების, საავტობუსო ზოლების მოწყობა, რაც უკვე მომავალ წელს დასრულდება“, - დასძინა კალაძემ.