მერიის წარმომადგენლებს და ე. წ. ბოშების ბაზრობის დირექციას შორის შეხვედრა შედგა

დედაქალაქის მერიის წარმომადგენლებსა და ე. წ. ბოშების ბაზრობის დირექციას შორის შეხვედრა გაიმართა.

ბაზრობის დირექტორის კაბინეტში შეხვედრას დედაქალაქის მერის მოადგილე გიორგი სოლომონია, დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი და საკრებულოში დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატი ლადო ძნელაძე დაესწრნენ.

როგორც ლადო ძნელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, შეთავაზებაზე ბოლომდე ჩამოყალიბებულები არ არიან, თუმცა მიღებული იქნება შესაბამისი ზომები, რაც ასეთ დროს არის გათვალისწინებული. მისივე თქმით, საკითხის გავლა დედაქალაქის მერ დავით ნარმანიასთან მოხდება. ძნელაძის ინფორმაციით, მათ დირექტორისგან შეიტყვეს, რომ შენობის გასხვისება არ იგეგმებოდა. მისივე ინფორმაციით, ბაზრობაზე 300 მოვაჭრე მუშაობდა.

ამასთან, როგორც ლადო ძნელაძემ აღნიშნა, ბაზრობის დირექციის წარმომადგენელი ბანკთან მოლაპარაკებას აწარმოებს, რომელიც იძლევა გარანტიას, რომ ააშენებს ობიექტს, სადაც ბაზრობის ძველი იერსახის დაბრუნებამდე მოვაჭრეებს შეღავათიან ფასად, დროებით შეუშვებენ.

ე.წ. ბოშების ბაზრის ტერიტორიაზე ხანძარი დღეს, გამთენიისას გაჩნდა. დამწვარია 2500 კვმ ფართობი, მოვაჭრეების ნაწილი ხანძრის მიზანმიმართულად გაჩენაზე საუბრობს. მათი ინფორმაციით, ტერიტორიის გასხვისება და ადგილზე ტრაილერების ავტოსადგომის განთავსება ან "კარფურის" მშენებლობა იგეგმებოდა.