ეროვნული ბანკი ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშების თემაზე საკოლექციო მონეტის დიზაინის შესაქმნელად კონკურსს აცხადებს

საქართველოს ეროვნული ბანკი ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშების თემაზე საკოლექციო მონეტის დიზაინის შესაქმნელად კონკურსს აცხადებს.

„2020 წელს, იაპონია ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქვეყანა იქნება. ოლიმპიურ თამაშებში, რომელიც ტოკიოში, ივლის-აგვისტოში გაიმართება, მონაწილეობას მიიღებენ სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლები საქართველოდანაც.

ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა ამ მოვლენას გამოეხმაუროს და ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშების თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა გამოუშვას, რაც მიზნად ისახავს სპორტული ასპარეზობების ხელშეწყობასა და საქართველოს პოპულარიზაციას საერთაშორისო არენაზე”,-აცხადებენ სებ-ში.

ღია კონკურსის პირობები განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.