კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ გენერალური დირექტორი დავით ასანიძე არ გამორიცხავს, რომ ფრანგული კომპანია „სისტრას" მიერ დადებული სქემის ამოქმედების შემდეგ, მიკროავტობუსების ტარიფი ისევ შეიცვალოს. თუმცა, ასანიძე ვერ აკონკრეტებს, რამდენით შეიძლება შეიცვალოს არსებული ტარიფი.
ამასთან, ასანიძე აცხადებს, რომ მხოლოდ მოკლე ხაზებზე მიკროავტობუსების გადაადგილება კომპანიისთვის პრობლემას არ შექმნის.
„მოკლე ხაზებში ცუდი არაფერია. ეს ნიშნავს იმას, რომ მიკროავტობუსი ბევრი ბრუნის გაკეთებას შეძლებს. რაც შეეხება მიკროავტობუსების რაოდენობის შემცირებას, „სისტრას" კვლევაში საუბარია 1200-დან 1500 ავტობუსამდე და მზად ვართ ამ რაოდენობის მიკროავტობუსით მოვემსახუროთ. თუმცა, ამ ტარიფით არსებობის საშუალება გამორიცხულია. ამას ვსაუბრობ არსებული სისტემის დარჩენის შემთხვევაში. თუ მანძილი მოკლე იქნება, ტარიფიც მიზანშეწონილი იქნება. როდესაც ვსაუბრობ, რომ ტარიფი უნდა გაიზარდოს, ეს არის მთლიან ქალაქზე არსებული ტარიფი.
როდესაც გადავალთ „სისტრას" სქემაზე, მერე რა თქმა უნდა, ტარიფი თავიდან გადასათვლელი იქნება. თუმცა, ამ წუთში პასუხს ვერ გაგცემთ რამდენი უნდა იყოს ტარიფი,"- განაცხადა ასანიძემ.
რაც შეეხება მიკროავტობუსების პარკის შეცვლას, მისივე თქმით, ამას დაახლოებით, 2 წელი დასჭირდება.
ამასთან, ასანიძე აღნიშნავს, რომ ვეტერანებს და სოციალურად დაუცველებს ტარიფის გაზრდის შემთხვევაშიც კი არსებული შეღავათები შეუნარჩუნდებათ.