ინფლაცია ისევ მაღლა მიიწევს და უკვე 7%-ს მიაღწია. ეროვნულმა ბანკმა ინფალციის შესამცირებლად არაერთი ნაბიჯი გადადგა, თუმცა შედეგი არ ჩანს. ბოლო ათი წლის მანძილზე, მოსახლეობას წელს ყველაზე მძიმე ზამთრის გადატანა მოუწევს. სპეციალისტები ვითარებას მძაფრად აფასებენ და ამბობენ, რომ ახალ წლამდე არაფერი შეიცვლება, პირიქით, იმაზე მძიმე სიტუაცია იქნება, ვიდრე ოდესმე.
ქვეყანაში ინფლაცია თვიდან თვემდე იზრდება, დღითი დღე ძვირდება ყველა დასახელების პროდუქტი, როგორც იმპორტირებული, ისე ადგილობრივი. არის კომუნალური გადასახადების გაზრდის საფრთხე, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში. ამიტომ მოსახლეობაში ჩნდება საფუძვლიანი შიში, რომ ზამთრის გადატანა უფრო რთული იქნება, ვიდრე წინა წლებში.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურიც ადასტურებს, რომ განსაკუთრებით გაძვირდა სურსათ და მათ შორის ადგილობრივი ნაწარმი - ხორცი - 13%-ით, პური - 12%-ით, რძის ნაწარმი - 15%-ით გაძვირდა, ალკოჰოლური სასმელი - 15%-ით, თამბაქო კი - 30%-ით.
ზამთარში პროდუქტზე ფასების დაკლების შანსი თითქმის აღარ არსებობს. მასშტაბურად გაძვირებული პროდუქციის გაიაფება, ფაქტობრივად, გამორიცხულია.
"ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ ქვეყენაში მძიმე ეკონომიკური ფონია, რის გამოც მოსახლეობას ზამთრის გატადანა ძალიან გაუჭირდება. ინფლაციის ასე რეკორდულად გაუფასურებას და პროდუქტზე ფასები გაზრდას კი, ხელისუფლებისა და სებ-ის არასწორ ეკონომიკურ სვლებს მიაწერს.
"სიტუაცია ვერანაირად გაუმჯობესდება, რადგან ლარის გაუფასურების ტენდენცია თავიდან იმდენად გამოკვეთილი იყო, რომ მას ახლა ეწევა პროდუქციის გაძვირება. მაშინ, როცა ხელისუფლებას არ გააჩნია არანაირი პოლიტიკა და ყველაფერი თავის ნებაზე აქვს მიშვებული, მაშინ, როდესაც ინფლაციური პროცესები პიკზეა, რა თქმა უნდა, ეს თავისით არ შეჩერდება. ის მეთოდები კი, რომელსაც ხელისუფლება მიმართავს, არ არის გზა, რითაც ფასების გაზრდას უნდა ებრძოლო.
ჩვენ უფრო მეტი იმპორტი შემოგვაქვს და პრაქტიკულად, ადგილობრივი პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა არ ხდება. აქედან გამომდინარე, არანაირი წინაპირობაა არ არსებობს იმისა, რომ ქვეყანაში სტაბილურობა დამყარდეს. სადაც არ არის სტაბილურობა, იქ ვითარება ყოველთვის დაძაბულია.
ეკონომიკის, ფინანსთა სამინისტროს და ეროვნული ბანკის, რომელიც უშალოდ პასუხიმგებელია ინფლაციაზე, მეთოდები არ არის ეფექტური. პრაქტიკულად სახელმწიფოს როლი კრიზისის დროს ნულამდეა დაყვანილი. ეს, შესაძლოა, ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არა, მაგრამ, სანამ სახელმწიფო ასეთ დროს განზე დგას, შედეგიც არ იქნება.
ზამთრის პერიოდში ცხოვრება ისედაც ძვირდება, რადგან მოსახლეობას კომუნალური გადასახადელები ეზრდება, მათი შემოსავლის დიდი ნაწილი კი გადასახადებში მიდის და საკვების შესაძენად ნაკლები თანხა რჩებათ. ის, რაც ახლა ქვეყანაში ხდება, კატასტროფულად ურტყამს მოსახლეობას", - განაცხადა "რეზონანსთან" დავით ჭიჭინაძე.
ფაქტია, რომ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება მძიმდება. სიტუაციის დასტაბილურების ნაცვლად, ვითარება უფრო მეტად რთულდება, რაც პირველ რიგში, მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე აისახება. ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე სიტუაციის უფრო გამწვავებას ელოდება.
"ახალ წლამდე არაფერი გაუმჯობესდება, პირიქით, ჩემი მოლოდინი ძალიან ნეგატიურია. აბსოლუტურად გაუგებარია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოზიცია. ის რაღაც გეოპოლიტიკური სქემების ფარგლებში აზროვნებს და ჰგონია, რომ ასეთი სისტემა როდესმე მუშაობდა და ახლაც ეფექტური იქნება.
ეროვნული ბანკის პოლიტიკა მიმართულია არა ეკონომიკის სწრაფ ზრდაზე და დასაქმების ხელშეწყობაზე, არამედ ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის კონტროლზე. ასე ვერაფერი გაუმჯობესდება. ქვეყანა იმპორტზეა ჩამოკიდებული და ბუნებრივია, იმპორტიორები თავს იზღვევენ და არა მარტო ფასს ზრდიან, არამედ უარესის მოლოდინში შედარებით მეტ დოლარს იმარაგებნ, ვიდრე სჭირდებათ", - განაცხადა "რეზონანსთან" გიორხელიძემ.
ცხოვრება გაძვირდა და ეს `საქსტატის~ ახალმა მონაცემებმაც დაადასტურა. მძიმე ინფლაციური ფონი, ეროვნული ბანკის მიერ გადადმულმა ნაბიჯებმა არათუ გამოასწორა, არამედ ვერც დაასტაბილურა. შედეგი კი ის არის, რომ ფასები ყოველდღიურად იზრდება, რაც მოსახლეობაში ზამთრის მოსვლის შიშს აჩენს.
სტატისტიკოსი გივი მომცელიძე ფიქრობს, რომ ინლაცია უკვე ვეღარ შემცირდება, შესაძლოა, გაიზარდოს კიდეც.
"ვფიქრობდი, რომ ნოემბერ-დეკემბერში შედეგი იქნება, მაგრამ აშკარად პირიქით მოხდა და ინფლაციის მაჩვენებელი გაიზარდა. სავარაუდოდ, დეკემბერში კიდევ მოიმატებს. რასაკვირველია იანვარ-თებერვალ-მარტში წინა წლის შესაბამის თვეებთან შედარებით მცირე იქნება და 5-6%-ს შორის დაფიქსირდება. თუმცა ესეც მაღალი მაჩვენებელია. ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელ ზაფხულისკენ უფრო დაუახლოვდება, ვიდრე მანამდე.
ასეთი ცუდი შედეგი, პირველ რიგში, სახელმწიფოს ეკონომიკრი პოლიტიკის გამო დადგა. პირველ რიგში სახელმწიფოს ვაბრალებთ, შემდეგ ეროვნულ ბანკს. მესამე მიზეზად ასევე ივნისის მოვლენები სახლდება, აგრეთვე რუსეთის მიერ ავიამიმოსვლის აკრძალვა. თუმცა, ამის წილი ისეთიც არაა, როგორ ხელისუფლება გვიხატავდა.
მე ლიბერალური ეკონომიკის მომხრე ვარ და ვფიქრობ, ასეთ დროს, რეგულაციების შრბილებაა გამოსავალი. დოლარში მინიმალური დარეზერვების 20%-მდე შემცირებამაც შეიძლება გამოასწოროს მდგომარეობა", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას გივი მომცელიძემ.
გვანცა წულაია
გაზეთი "რეზონანსი"