ოკრა და პეპინო - მომავალი წლიდან საქართველოში ახალი ეგზოტიკური პროდუქტების წარმოება დაიწყება

ოკრა და პეპინო - ეს ის ეგზოტიკური პროდუქტებია, რომლის წარმოებასაც „ლოლაძეების ფერმა“ კახეთში, კერძოდ, ლაგოდეხში გეგმავს.

როგორც კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ლაშა ლოლაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, ოკრა წიწაკის მსგავსი ბოსტნეულია, რომელიც დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა. ამასთან, წვავს ცხიმებს და ამცირებს ქოლესტერინის დონეს.

რაც შეეხება პეპინოს, ის ნესვისა და ბადრიჯნის ნაჯვარს წააგავს და იმ ტოპ-20 საუკეთესო ხილში შედის, რომელიც მსოფლიოს ყველა პრესტიჟულ სუპერმარკეტშია წარმოდგენილი.

პეპინო 15 სმ ზომის, არომატული, მოტკბო გემოს უკურკო ხილია. მას ყვითელი ფერის, კრემისფერი და მუქი იასამნისფერი ზოლები აქვს. საკვებად კი როგორც უმად, ხილის სალათებში, ისე, მოთუშული ან შემწვარი გამოიყენება.

როგორც ლაშა ლოლაძე აცხადებს, პროდუქტის წარმოება მომხმარებლის ინტერესიდან გამომდინარე გადაწყდა, ნედლეულის იმპორტი კი აშშ-დან განხორციელდება.

„აქამდე ქართულ ბაზარზე ეს ორი პროდუქტი არასდროს იწარმოებოდა და გვინდა, რომ იმპორტი ჩავანაცვლოთ.

ოკრა, ეს არის ბოსტნეული, რომელიც შეხედულებით წააგავს წიწაკას. გარდა ბევრი სასარგელო თვისებისა, ეს პროდუქტი ძალიან კარგი ბუნებრივი საშუალებაა დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის. წელსაც გვქონდა მცირე რაოდენობა, მაგრამ სხვა ჯიში. როგორც აღმოჩნდა, მარკეტებში რეკავდნენ და კითხულობდნენ იმ კონკრეტულ სახეობას, რომელიც ამ დაავადების მქონე ადამიანებისთვის არის სასარგებლო. ამიტომ, სწორედ ამ სახეობის წარმოება გადავწყვიტეთ. ეს არის ერთწლოვანი კულტურა, თესლს აშშ-დან შემოვიტანთ. უშუალოდ წარმოების დაწყებას კი, გაზაფხულიდან ვგეგმავთ.

რაც შეხება პეპინოს, ეს არის ცენტრალურ ამერიკაში გავრცელებული კულტურა. ის შედის ხილის იმ ტოპ-20-ეულში, რომელიც მსოფლიოს პრესტიჟულ სუპერმარკეტებშია წარმოდგენილი. ჩვენთანაც ხდება მისი იმპორტი, მაგრამ გვინდა, რომ მისი მოყვანა აქაც ვცადოთ.

საცდელად უკვე გამოყვანილი გვაქვს ნერგი, ვნახავთ ზამთარში, თბილ პირობებში რამდენად მოვა და უკვე გაზაფხულზე კალმებით სწრაფად მოვახდენთ მის გამრავლებას“,-ამბობს ლაშა ლოლაძე.

აღსანიშნავია, რომ პეპინო და ოკრა არ იქნება პირველი ეგზოტიკური პროდუქტები, რომელსაც „ლოლაძეების ფერმა“ მოიყვანს. ეს არის საოჯახო, მამისა და ორი შვილის ბიზნესი, რომლებიც მინი კივსა და კივანოს უკვე აწარმოებენ.

ნინი ქეთელაური