საქართველოში სამუშაოს შესრულებისას წელიწადნახევრის განმავლობაში (2018 წელი და 2019 წლის იანვარი-ივნისი) 84 პირი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ შსს-დან გამოითხოვა.
უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წლიდან 2019 წლის ივნისის ჩათვლით პერიოდში, სამუშაოს შესრულებისას 270 ადამიანი დაშავდა.
შსს-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2018 წელს სამუშაოს შესრულებისას 59 პირი გარდაიცვალა და 199 დაშავდა.
2019 წლის 6 თვეში სამუშაოს შესრულებისას დაშავებულ პირთა რაოდენობა 71-ია, ამავე პერიოდში სამუშაოს შესრულებისას 25 პირი დაიღუპა.
შეგახსენებთ, საქართველოში შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონი 2019 წლის მარტში ამოქმედდა, სრული დატვირთვით კი ძალაში სექტემბრიდან შევიდა. სექტემბრამდე ორგანული კანონის მოქმედება ვრცელდებოდა მხოლოდ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე, სექტემბრიდან კი მისი მოქმედება ვრცელდება ეკონომიკური საქმიანობის ყველა სექტორში დასაქმებული პირების შრომის უსაფრთხოების ზედამხედველობაზე.