ნოემბერში ყავის ფასი რეკორდულად გაიზარდა

ნოემბერში ყავის ფასი რეკორდულად გაიზარდა და ბოლო 12 თვის მაქსიმუმზე დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ყავის საერთაშორისო ორგანიზაცია (International Coffee Organization, ICO) ავრცელებს.

ორგანიზაციის პროგნოზით ყავის დეფიციტი, რომელიც ოქტომბერში დაიწყო, 2019-2020 წლებშიც გაგრძელდება და შეადგენს 502 ათას ტომარას (ტომრის წონა 60 კგ). მარცვლის წარმოება როგორც მოსალოდნელია, შემცირდება 167,399 მილიონ ტომრამდე, მაშინ როცა მოთხოვნა გაიზრდება 1,5%-ით 167,901 მილიონ ტომრამდე.

გასული წლის განმავლობაში ყავაზე 3,657 მილიონი ტომრის პროფიციტი დაფიქსირდა, მაშინ როცა წინა სამი წლის განმავლობაში დეფიციტი გრძელდებოდა.

ამასთან, ნოემბრის განმავლობაში ICO 1 ფუნტ ყავაზე 1 დოლარის ფარგლებში ფასს სტაბილურად ინარჩუნებდა და მისი ღირებულება 10%-ით 1,07 დოლარამდე გაიზარდა. უკვე ნოემბრის ბოლოს კი ორგანიზაცია იტყობინებოდა, რომ ყავაზე ფასი მეოთხედით გაძვირდა ლათინურ ამერიკაში ყავის წარმოების შემცირებაზე ინფორმაციის გავრცელების ფონზე.

კოკა კვირკველია