იაპონიაში გაიხსნა პირველი მაღაზია, სადაც ყიდვა მართვადი რობოტის საშუალებით ხორციელდება

იაპონიის დედაქალაქში გაიხსნა მაღაზია, სადაც შესყიდვა მართვადი რობოტების დახმარებით ხორციელდება. მაღაზია იაპონიის უმსხვილეს ავიაგადამზიდ All Nippon Airways-ს (ANA) ეკუთვნის. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ასეთი ტიპის სავაჭრო წერტილი პირველია ქვეყნის მასშტაბით.

ANA-ს მონაცემებით, მაღაზია 5-24 დეკემბრის განმავლობაში სატესტო რეჟიმში იმუშავებს. რობოტმა მიიღო სახელი newme (ახალი მე) და წარმოადგენს 1,5 მეტრიან ვერტიკალურ კონსტრუქციას ბორბლებზე. მისი მართვა კომპიუტერის, სმარტფონის ან პლანშეტის საშუალებით არის შესაძლებელი სპეციალური აპლიკაციის დახმარებით. მაღაზიის ტერიტორიაზე გადაადგილებისას მყიდველი რობოტის საშუალებით ირჩევს მისთვის სასურველ პროდუქტს, რის შემდეგაც მიდის უკვე სალაროსთან.

2020 წლისთვის, როცა იაპონიაში ოლიმპიური თამაშები დაიწყება, ქვეყანაში ასეთი ტიპის ათასობით რობოტი იქნება ხელმისაწვდომი.

კოკა კვირკველია