მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ინვესტორები და კომპანიები არ დაფრთხნენ, პროცესი გაგრძელდეს წარმატებით და ეკონომიკა განვითარდეს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობამ მოახერხა და ინვესტორების ყურადღება პოზიტივზე გადართო.
„ჩვენ ყველა პატივს ვცემთ გამოხატვის თავისუფლებას, იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს ჯდება კანონმდებლობის მოთხოვნებში. ზოგადად, რადიკალიზაცია, პოლიტიკური ტურბულენტობა, დესტრუქცია, რა თქმა უნდა, აზარალებს ქვეყანას, ეკონომიკას. მაგრამ, საქართველოს მთავრობა, როგორც პასუხისმგებლიანი მთავრობა, ჩვენი ეკონომიკური ბლოკის სამინისტროები, მათ შორის ჩემი უწყება, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ბიზნესმა, დასაქმებულებმა, ქართულმა წარმოებამ, ქართულმა ეკონომიკამ, ნაკლებად იგრძნოს ეს ნეგატიური შედეგი - არ დაფრთხნენ ინვესტორები, კომპანიები და პროცესი გაგრძელდეს წარმატებით, ეკონომიკა განვითარდეს. ამას, მე მგონი, წარმატებულად ვახერხებთ. ხედავთ, რამხელა ინტერესია, თუნდაც პრივატიზაციის მიმართ, ეს უკვე იმის ნიშანია, რომ ჩვენ მოვახერხეთ და ინვესტორების ყურადღება პოზიტივზე გადავრთეთ, შენებაზე გადავრთეთ და სამომავლოდ დასაქმებაზე გადავრთეთ. ბოლო ციფრები გამოქვეყნდა ტურიზმის განვითარების - მიუხედავად ყველა სირთულისა, რაც ტურიზმს გადახდა, მათ შორის, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების გამო, ჩვენ მაინც ვახერხებთ, რომ პოზიტიური ტენდენციაა. 7%-იანი ზრდაა 11 თვეში, ეს არ არის ის, რასაც ჩვენ ველოდით, მაგრამ საკმაოდ პოზიტიურია.
აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ის დესტრუქცია, რაც ბუნებრივია გვაზარალებს, არ არის კარგი ინვესტორებისთვის, მათ შორის უცხოელი ინვესტორები ამას აქცევენ ყურადღებას, არ იგრძნოს ქვეყანამ, ეკონომიკამ. გპირდებით, ჩვენი ეკონომიკა მაღალი ტემპით განვითარდება, მიუხედავად დესტრუქციისა, მიუხედავად რადიკალიზაციისა“, - განაცხადა თურნავამ.