ცუდია, რომ მესტიის მოსახლეობა ელექტროენერგიის გადასახადს არ იხდის, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განუცხადა.
კითხვაზე, იგეგმება თუ არა იმ მიდგომის შეცვლა, რომლის თანახმადაც, სვანეთში მცხოვრები მოსახლეობა ელექტროენერგიის ტარიფს არ იხდის, ნარმანია აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია შესაბამისი გადასახადი გადაიხადოს მოსახლეობამ, რადგან ამის გარეშე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ არ ეძლევა შესაძლებლობა სვანეთში ინვესტირების და ქსელის შეცვლის, რაც ქსელის მზარდი დატვირთვის პირობებში პრობლემაა.
„ეს ეხება ფიზიკურ პირებს. იურიდიული პირები დიდწილად იხდიან. როდესაც „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ამოღების მაჩვენებელი დაბალი აქვს, ბუნებრივია, მას არ აქვს შესაძლებლობა, რომ იქ ინვესტირება განახორციელოს. შესაბამისად, ქსელის დატვირთვის ზრდის პირობებში შესაძლოა, ქსელი ეტაპობრივად მწყობრიდან გამოვიდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი გადასახადი იქნას გადახდილი, რათა ამოღებული ფულით „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ შეძლოს ქსელის გამოცვლა, დამატებითი ინვესტიციების გაკეთება, ქსელის გაძლიერება და ასე შემდეგ. განსაკუთრებით ქსელის დატვირთვის ზრდის პირობებში მნიშვნელოვანია, რომ ქსელი გაძლიერდეს“, - აცხადებს ნარმანია „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.
ცნობისთვის, ზემო სვანეთის რეგიონის მცხოვრებლები ელექტროენერგიის ტარიფს არ იხდიან. ქვეყნის სხვა მაღალმთიან დასახლებებში მთავრობა სამომხმარებლო ტარიფის 50%-იან სუბსიდირებას ახდენს, სვანეთში კი მოსახლეობა დენის ტარიფის გადახდისგან გათავისუფლებულია.