არაალკოჰოლური სასმელების მარკირების საკითხთან დაკავშირებით მიღწეულია შეთანხმება, რომ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს იმავე რეჟიმში მოქმედებას, როგორც აქამდე მოქმედებდა და შესაბამისად, ეს ბიზნესისთვის პოზიტიური და დადებითი გადაწყვეტილებაა, - ამის შესახებ საერთაშორისო საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა და პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი და მთავრობა მყისიერად რეაგირებს იმ პრობლემებზე, რომელიც გააჩნია ბიზნესსექტორს.
„ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც ბიზნესსექტორს გააჩნია, უკანასკნელ პერიოდში მედიის საშუალებით გავრცელდა, ეს იყო მომართვა, რომელიც პრემიერ-მინისტრის სახელზე იყო გაჟღერებული არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებისგან და ეხებოდა მარკირების საკითხს. შედგა ინტენსიური კონსულტაციები ფინანსთა სამინისტროს, ბიზნესომბუდსმენისა და ამ სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით და მიღწეულია შეთანხმება, რომ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს იმავე რეჟიმში მოქმედებას, როგორც აქამდე მოქმედებდა. შესაბამისად, ეს არის პოზიტიური და დადებითი გადაწყვეტილება ბიზნესისთვის“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.