იაპონიის ხელისუფლება ქვეყნის პრემიერ სინძო აბეს ხელმძღვანელობით მიიღებს პაკეტს, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირებას. საუბარია 26 ტრილიონი იენის (239 მილიარდი დოლარის) ფინანსურ პაკეტზე, რომელიც ნაციონალური ეკონომიკის გაჯანსაღებას მოხმარდება - იუწყება ადგილობრივი საზოგადოებრივი მაუწყებელი.
აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილებას იაპონიის მთავრობა დღევანდელ სხდომაზე მიიღებს. ეს არის პირველი მსგავსი ზომა 2016 წლის შემდეგ, რა დროსაც ხელისუფლებამ ეკონომიკის სტიმულირებისთვის 28,1 ტრილიონი იენის (258 მილიარდი დოლარის) ოდენობის პაკეტი დაამტკიცა. როგორც განმარტავენ, სახსრები პირველ რიგში მოხმარდება ქვეყნის იმ რეგიონების აღდგენას, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ სტიქიის შედეგად, განსაკუთრებით ტაიფუნების გამო, რომელიც წელს მრავლად დაატყდა იაპონიას, ასევე ეკონომიკის დაცვას საერთო გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელებისგან.
პროგრამის დაფინანსება მოხდება მიმდინარე და მომავალი წლის ბიუჯეტებიდან, რომელთა ფორმირება ამ თვეში უნდა მოხდეს.