ინფლაცია არის უდიდესი გამოწვევა რაც ჩვენი დღევანდელი ეკონომიკური პოლიტიკის წინაშე დგას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ეკონომიკური პოლიტიკა და ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელი პოლიტიკა მთლიანად გადაწყობილია იმაზე, რომ მაქსიმალურად შევაკავოთ ინფლაციური პროცესები.
„ინფლაცია არის უდიდესი გამოწვევა ჩვენი დღევანდელი ეკონომიკური პოლიტიკის წინაშე რაც დგას. ჩვენ ამას ძალიან რეალისტურად ვაფასებთ, ვიცით, რამდენად მძიმეა ეს მოსახლეობისთვის და მოსახლეობის დიდი კატეგორიისთვის. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სიღარიბის დაძლევა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა არის ჩვენი პრიორიტეტი. შესაბამისად, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა და ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელი პოლიტიკა მთლიანად არის გადაწყობილი იმაზე, რომ მაქსიმალურად შევაკავოთ ინფლაციური პროცესები. ეროვნული ბანკი ამას ადეკვატურად პასუხობს. მათ შორის, ზოგჯერ ისეთ არაპოპულარულ ნაბიჯებზეც მივდივართ, რომელიც ეკონომიკური ზრდის შემაკავებელიც კი არის. მაგრამ ამავდროულად, ჩვენ ავამოქმედეთ ეკონომიკური ზრდის წახალისების სხვა ბერკეტები, როგორიც არის პრივატიზაცია, წიაღის რეფორმა, დასაქმების ხელშეწყობა და ა.შ. აქედან გამომდინარე, როდესაც ვაფასებთ, რა უნდა იყოს ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტი, ყოველთვის სათავეში ვაქცევთ ანტიინფლაციურ მოქმედებებს, თუნდაც ეს იწვევდეს გარკვეულ ნეგატიურ შედეგებს სხვა მიმართულებებით, იგივე, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. მაგრამ ეკონომიკური ზრდასაც მაღალ დონეზე შევინარჩუნებთ, ბოლო სტატისტიკაც ამას მეტყველებს, მაგრამ ამას გავაკეთებთ სტრუქტურული ბერკეტებით - დაჩქარებული პრივიტიზაცია, ერთი ფანჯრის პრინციპი, დაჩქარებული წიაღის ლიცენზიების გაცემა და ა.შ.“, - განაცხადა თურნავამ.