დღეიდან დიდ ლილოში, №12 ავტობუსის ხაზზე, ISUZU-ს მარკის ახალი ავტობუსები იმოძრავებენ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ავტობუსი დიდი ლილოს მცხოვრებლებს, კახეთის გზატკეცილის გავლით, მეტროსადგურ „ისნამდე“ მოემსახურება. ავტობუსების სამარშრუტო ხაზზე გასვლის პროცესს, მოსახლეობასთან ერთად, ადგილზე დღეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე გაეცნო. მისი თქმით, დედაქალაქის მთავრობა და სატრანსპორტო კომპანია მუნიციპალური ავტობუსების განახლების პროცესს აქტიურად განაგრძობს.
„მოხარული ვარ, რომ ჩემს სამაჟორიტარო ოლქში, სხვადასხვა მარშრუტებს ახალი ავტობუსები ემატება. დღეს ეს სიახლე დიდ ლილოსაც შეეხო, რაც ამ დასახლების მცხოვრებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თბილისის მთავრობა სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით თავდაუზოგავად მუშაობს და დედაქალაქის მასშტაბით ძველი ავტობუსების ახლით ჩანაცვლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. წლის ბოლომდე, ჩემს სამაჟორიტარო ოლქში ახალი ავტობუსები წინუბანსა და ნასაგურშიც იმოძრავებენ “ - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
№12 ავტობუსის ხაზზე ახალი ავტობუსების გასვლა, მოსახლეობას გიორგი ტყემალაძესთან ერთად, საკრებულოს წევრმა ლევან დარახველიძემ, პარლამენტარმა შოთა ხაბარელმა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებმა მიულოცეს.
ავტობუსები დედაქალაქის მთავრობამ მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში შეიძინა. 220 ერთეული ISUZU-ს მარკის 8 მეტრიანი ავტობუსები, ისევე როგორც MAN-ის მარკის ავტობუსები euro 6 ემისიის სტანდარტის დიზელის ძრავზე მუშაობს. ორივე მარკის ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის, მასში განთავსებულია როგორც wifi მოდემი, ასევე თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდენცირების და ვენტილაციის სისტემები. ავტობუსს გააჩნია ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგისა და საინფორმაციო ხმოვანი შეტყობინებების სისტემები და usb-დამტენები.