მანქანიდან ნაგვის გადაგდების გამო მოქალაქე, შესაძლოა, 100 ლარით დაჯარიმდეს

ჩვენ გვაქვს სურვილი, გარდავქმნათ ნარჩენების საკითხზე მუშაობის პრინციპები, და ამ კუთხით ერთ-ერთი მიმართულებაა ჯარიმების საკითხი.

ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ, თემურ მურღულიამ გადაცემა ”ბიზნესკონტაქტში” ისაუბრა.  მისი თქმით, სამინისტრო აქტიურად ადევნებს თვალს დაბინძურების წყაროებს.

”მონიტორინგი ორი სხვადასხვა კუთხით მიმდინარეობს: პირველი, ეს არის ტიპური საყოფაცხოვრებო დაბინძურება, რომელსაც მოსახლეობა ახორცილებს, მეორე კი ინდუსტრიული დაბინძურებაა, რომელიც გაცილებით უფრო მასშტაბური და მნიშვნელოვანია,”-განმარტავს მურღულია.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში დაბინძურების პრობლემა გლობალურად არსებობს. ეს ეხება როგორც დიდ ქალაქებში წყალსატევების მიმდებარე ტერიტორიას, სადაც დაბინძურება ძალიან თვალსაჩინოა, ასევე მცირე დასახლებებში დაბინძურებას, სადაც დასუფთავების სისტემები არ არსებობს.

თემურ მურღულია სანქციებზე საუბრისას აქცენტს ჯარიმების გაზრდაზე აკეთებს. ”ჩვენ მივიჩნევთ, რომ უნდა გაიზარდოს ჯარიმები, თუმცა ამ შემთხვევაში, პარლამენტთან გვექნება აქტიური კონსულტაცია. ჩვენი შეთავაზებაა, რომ ქუჩაში მცირე ზომის ნაგვის გადაგდება დაჯარიმდეს 80 ლარით, მანქანიდან ნაგვის გადაგდება კი - 100 ლარით”,- აღნიშნავს თემურ მურღულია.