ირაკლი ლექვინაძე - კონკურენციის სააგენტო მზადაა, მომხმარებელთა უფლებების დაცვისთვის შესაბამისი დეპარტამენტი შექმნას

კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ არსებული კანონმდებლობის ფარგლებში კონკურენციის სააგენტო მუშაობს მაქსიმალურად და ასევე მზადაა დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისი აღსრულება უზრუნველყოს.

კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ის ცვლილებები, რომლებიც საპარლამენტო განხილვის ფორმატშია, უწყების მუშაობის ეფექტურობას გაზრდის. მისივე თქმით, ამ ეტაპზე კონკურენციის სააგენტოს სტრუქტურა რჩება უცვლელად და თუ პარლამენტი მიიღებს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს მოხდება სტრუქტურის გადაწყობა.

"ამ ეტაპზე პარლამენტში მიმდინარეობს რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა განხილვა, რომელიც აღსრულების ნაწილში კონკურენციის სააგენტოს ეხება. პარლამენტთან, ბიზნესთან და სფეროს სპეციალისტებთან ერთად აქტიურ განხილვაშია კონკურენციის შესახებ კანონში ცვლილებები. აქ არის რიგი საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვნად აძლიერებს კონკურენციის სააგენტოს ფუნქციებს, თუმცა ასევე არის ღია საკითხები,რომლებიც ჯერჯერობით კონსულტაციის რეჟიმში რჩება. მეორე კანონმდებლობა, რომელიც თითქმის მზადაა და გაზაფხულზე იქნება მიღებული, ეხება მომხმარებელთა უფლებების დაცვას და ბუნებრივია, თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, კონკურენციის სააგენტო მზაობას გამოთქვამს, შესაბამისი დეპარტამენტი შექმნას და აღსრულება უზრუნველყოს. ასევე პარლამენტში წარდგენილია ანტიდემპინგური კანონმდებლობა, აქაც არის საკითხები, რომლებიც დამატებით კონსულტაციას შეიძლება მოითხოვდეს და აქაც ცხადია, მზად ვართ ჩავერთოთ. თუ ეს ცვლილებები დამტკიცდება, სააგენტოს სტრუქტურა შესაბამისად გადაეწყობა, მანამდე რამე მნიშვნელოვანი ცვლილება დაგეგმილი არაა. ვაგრძელებთ მუშაობას არსებული საკანონმდებლო სივრცის შესაბამისად", -განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.