OPEC-ის გადაწყვეტილების მოლოდინში ნავთობი გაძვირდა

ნავთობის ფასმა ზრდა განაახლა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია (OPEC) და მისი არაწევრი ქვეყნები, მსოფლიო ბაზარზე მიწოდების უფრო მეტად შეკვეცას გეგმავენ. OPEC-ი იმედოვნებს, რომ ამით შესაძლებელი იქნება ბაზარზე მომავალ წელს მოსალოდნელი სიჭარბის დაბალანსება ფასის არსებულ არეალში შენარჩუნება.

„როიტერსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, OPEC-ს სურს, რომ ბაზარზე დღიური მიწოდება 400 ათასი ბარელით შეკვეცოს. ცნობისათვის, ამჟამად ორგანიზაციის და მისი პარტნიორი ქვეყნები ბაზარს ყოველდღიურად 1.2 მილიონ ბარელ ნედლ ნავთობს აკლებენ, რითაც მოთხოვნა-მიწოდებას შორის ბალანსს და შესაბამისად ფასსაც, მეტნაკლებად ინარჩუნებენ.

დღეს და ხვალ ვენაში OPEC-ის და მისი არაწევრი ექსპორტიორი ქვეყნების გეგმიური შეხვედრა იმართება, რომელზეც სწორედ მიწოდების შეკვეცის საკითხს განიხილავენ.

ბრენტის მარკის ბარელი ნავთობის ფასი დღეს 0.7 პროცენტით გაიზარდა და 63.44 დოლარს მიაღწია. ოთხშაბათს ამავე მარკის ფასი 3.6 პროცენტით გაიზარდა. გუშინ გაცილებით მკვეთრი, 4.2-პროცენტიანი ზრდა დასავლეთ ტექსასურ საშუალოს (WTI) ჰქონდა, რომლის ფასმაც დღეს 58.60 დოლარს მიაღწია.

საინტერესოა, რომ OPEC-ის მიერ მიწოდების შეკვეცას, მეტნაკლებად ანეიტრალებს ის ფაქტორი, რომ შეერთებულმა შტატებმა მკვეთრად გაზარდა მოპოვება. ეს ძირითადად ფიქალური საბადოების ხარჯზე მოხდა, რამაც აშშ მსოფლიოს უმსხვილეს მომპოვებლად აქცია. მოსალოდნელია, რომ მომავალ წელს მოპოვებას OPEC-ის არაწევრი ქვეყნები - ბრაზილია და ნორვეგიაც გაზრდიან.