2018 წლის სტატისტიკურ მონაცემებთან შედარებით, 2019 წლის 5 დეკემბრის მონაცემებით დაღუპულთა რაოდენობა 35%-ით არის შემცირებული, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა - 32%-ით, -ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შრომის ინსპექციიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, 2018 წელს დაღუპულია 59 და დაშავებულია 199 ადამიანი, მიმდინარე წელს სამუშაო ადგილზე დაღუპულია 38 და დაშავებულია 135 პირი.
სამშენებლო სექტორში, ერთობლივი ინსპექტირების დასრულების შემდეგ, აგვისტოს ბოლოდან 5 დეკემბრის მონაცემებით, სამშენებლო ობიექტებზე დაღუპულთა რაოდენობა, მიმდინარე წლის ამავე სექტორში დაღუპულთა რაოდენობის მესამედია.
საწარმოო უბედური შემთხვევების აღრიცხვა განახლებული მეთოდიკით ხდება. აღრიცხული ინციდენტების რაოდენობაში შესულია აგრეთვე საშუალო სიმძიმის უბედური შემთხვევათა მონაცემები. ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება განხორციელებულია იმგვარად, რომ გამოირიცხოს საწარმოო უბედური შემთხვევების სტატისტიკაში ზედმეტი, დაუზუსტებელი ან/და შეუსაბამო ინფორმაციის მოხვედრა.
2020 წლიდან, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, დაგეგმილია შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ინსტიტუციური გაძლიერება და ინსპექტორების რაოდენობრივი ზრდა.