ყავის მწარმოებელ ქვეყნებში შემცირებულმა მოსავალმა მსოფლიო ბაზარზე მისი ფასი გაზარდა.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ყავა უკვე 25%-ით გაძვირდა.
ყავის საერთაშორისო ორგანიზაციის International Coffee Organization, ICO ცნობით კი, ნოემბერში ყავის ფასი რეკორდულად გაიზარდა და ბოლო 12 თვის მაქსიმუმზე დაფიქსირდა.
ორგანიზაციის პროგნოზით, ყავის დეფიციტი, რომელიც ოქტომბერში დაიწყო, 2019-2020 წლებშიც გაგრძელდება და 502 ათას ტომარას (ტომრის წონა 60 კგ) შეადგენს. მარცვლის წარმოება როგორც მოსალოდნელია, 167,399 მილიონ ტომრამდე შემცირდება. ეს მაშინ, როდესაც მოთხოვნა 1,5%-ით 167,901 მილიონ ტომრამდე გაიზრდება.
მოვაჭრეები ამბობენ, რომ ამის მიზეზი გონდურასში მშრალი ამინდების გამო მოსავლის შემცირებაა. გონდურასი ყავა არაბიკის უმსხვილესი მესამე მწარმოებელია მსოფლიოში. ამასთან, მშრალი ამინდებია ყავის მწარმოებელ სხვა ქვეყნებშიც, მაგალითად ისეთში, როგორიცაა, ბრაზილია და პერუ.
კონკრეტულად არაბიკას წარმოება 2,7 %-ით, 95, 68 მლნ ტომარით შემცირდა. ეს არის ყავის წარმოების მინიმუმი, 2015-2016 წლების შემდეგ.
ფასის მომატება აისახება თუ არა ქართულ ბაზარზე, საქართველოს ყავის კომპანიის ხელმძღვანელი რამაზ ციხელაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ როგორც წესი, მსოფლიო ბაზარზე ფასის ცვლილება, ჩვენთან 2-2,5 თვეში ისახება. შესაბამისად, შესაძლოა, ამ პერიოდში პრუდუქტი საქართველოშიც გაძვირდეს, თუმცა არა 25%-ით.
„ჯერჯერობით არ ასახულა, რადგან როდესაც მსოფლიო ბაზარზე ფასის ცვლილებაა, ჩვენთან 2-2,5 თვეში ისახება. შესაბამისად, ამ ვადაში შესაძლოა, გაძვირდეს. ეს უფრო დამოკიდებულია ნედლეულზე, რომლის იმპორტსაც ძირითადად, ინდონეზიიდან ვახდენთ. მაგალითად, შარშან პირიქით მოხდა, ფასები დაეცა, წელს კი გაძვირდა. ცოტა არაპროგნოზირებადი ვითარებაა. თუმცა, არამგონია, რომ ჩვენთან 25 %-ით გაძვირდეს. ალბათ, ფასი 10-15 %-ით მოიმატებს, რადგან ჩვენ ძველი მომწოდებლები გვყავს, რომლებთანაც პირდაპირი ურთიერთობა გვაქვს და იქ გაძვირებული, მაინც შედარებით შეღავათით მოგვაქვს“,-აცხადებს რამაზ ციხელაშვილი.