42 ათასი ლარი 3.5 თვეში - რა ქონებას ფლობს საპენსიო სააგენტოს დირექტორი

გასული წლის 15 სექტემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში საპენსიო სააგენტოს დირექტორის ლევან სურგულაძის შემოსავალმა ამ თანამდებობაზე 42 ათასი ლარი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ საპენსიო სააგენტოს დირექტორად სურგულაძე სწორედ 2018 წლის სექტემბერში დაინიშნა, მანამდე კი საქართველოს რკინიგზაში სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. როგორც 2019 წლის 30 ნოემბერს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან 20 სექტემბრის პერიოდში რკინიგზაში 45 066,67 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული. ამავე პერიოდში შპს „ კავკასიის ავტოიმპორტის“ მთავარი ფინანსური დირექტორის პოზიციაზე მისი შემოსავალი 295,27 ლარი იყო.

დეკლარაციის მიხედვით, ლევან სურგულაძე ფლობს 237 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში; 963 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთსა და 500 კვადრატული მეტრის საცხოვრებელ სახლს სურამში. ასევე მის საკუთრებაშია 2000 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის 50%-იანი წილი თბილისში, რომელიც 2017 წელს მემკვიდრეობით აქვს მიღებული.

სურგულაძეს ეკუთვნის ასევე მსუბუქი ავტომობილი Land Rover, Range Rover HSE, რომელიც 2013 წელს აქვს შეძენილი 34 000 დოლარად.

ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში სურგულაძეს საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 155 164 დოლარი; 2 000 ევრო; 1 727 ლარი; ნაღდი ფულადი თანხის სახით კი, 700 დოლარი და 75 ლარი ჰქონდა. ასევე მის სახელზე ფიქსირდება - 2 127 ლარისა და 14 113,28 დოლარის საკრედიტო ანგარიში.

თაია არდოტელი