საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ინიციატივით და მიმართვის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც ელექტროენერგიის გენერაციისას წარმოქმნილი სასადგურე დანაკარგები აღარ დაიბეგრება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით ბოლო სამი თვეა მიმდინარეობდა კონსულტაციები და გაიმართა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა, რომელშიც ჩართულნი იყვნენ, როგორც BAG-ის წევრი კომპანიებისა და შემოსავლების სამსახურის, ასევე ენერგეტიკისა და წყლის მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლები.
„ელექტროგენერაციის დანაკარგების დაბეგვრის საკითხი საკმაოდ დიდი ხანია მნიშვნელოვანი პრობლემაა ელექტროგენერაციის ობიექტებისთვის, რადგანაც იმის გამო, რომ აღნიშნული დანაკარგის დადასტურება ვერ ხერხდება შესაბამისი მრიცხველებით, სასადგურე დანაკარგი მიიჩნეოდა დაუდასტურებელ ხარჯად და როგორც წესი, ექვემდებარებოდა დაბეგვრას.
მიმდინარე წლის 26 ნოემბერს, შემოსავლების სამსახურის უფროსმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ელექტროგენერაციის ობიექტის მიერ „სემეკში“ პერიოდულად წარდგენილ ანგარიშში ასახული სასადგურე დანაკარგები ჩაითვლება დანაკარგად დაბეგვრის მიზნებისთვისაც“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
„ეს საკითხი ბიზნეს სექტორში იწვევდა არაერთგვაროვან მიდგომასა და დამოკიდებულებას, ვინაიდან არ იყო დადგენილი ისეთი პრაქტიკა, რომლითაც იხელმძღვანელებდნენ მხარეები. მოხარულნი ვართ, რომ შემოსავლების სამსახურთან შედგა სწორი კომუნიკაცია, რომელიც ორიენტირებული იყო შედეგებზე, რაც თავის მხრივ, დაეხმარება ელექტროგენერაციის ობიექტებს სტაბილურად წარმართონ საკუთარი ბიზნესი და არ ქონდეთ უსამართლობის განცდა დანაკარების დაბეგვრასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.