ლევან ახვლედიანი აცხადებს, რომ თუ მთავრობა კონსორციუმს ხელშეკრულებას შეუწყვეტს, ანაკლიის პორტის პროექტზე დავა საარბიტრაჟო დავაში გადაიზრდება

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი აცხადებს, რომ თუ მთავრობა კონსორციუმს ხელშეკრულებას შეუწყვეტს, ანაკლიის პორტის პროექტზე დავა საარბიტრაჟო დავაში გადაიზრდება. ლევან ახვლედიანი აცხადებს, რომ ახლა ვადებზე საუბარი არაკონსტრუქციულია და მთავარი პროექტის წინ წაწევაა.

"ვაგრძელებთ ინვესტორებთან მოლაპარაკებას. რაც შეეხება ვადებს, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობასაც, რომ გაკეთდეს ყველაფერი, რათა პროექტი წავიდეს წინ. ვადებზე საუბარი კონსტრუქციულ შედეგს ვერ მოგვიტანს. თუ ხელშეკრულების შეწყვეტაზე იქნება საუბარი, ეს იქნება ძალიან სამწუხარო. მოგვიწევს პროექტის სამართლებრივ დავაში გადაყვანა, რაც არც პროექტს წაადგება და არც ქვეყანას. ლაპარაკი ბოლო შანსსა და ვადებზე, იმ გარემოში, რა გარემოშიც აღმოჩნდა პროექტი, არაკონსტრუქციულია,"-აცხადებს ლევან ახვლედიანი.

მისივე თქმით, კონსორციუმი ცდილობს პროექტის წინ წაწევას, თუმცა მოლაპარაკებები რთულად მიდის.

"ძალიან რთულად მიდის მოლაპარაკებები იმ ვითარებაში რა ვითარებაშიც ბოლო თვეებია არის პროექტი, ასევე ის საინვესტიციო გარემო, რაც საქართველოშია ზეგავლენას ახდენს. რთულ ვითარებაში გვიწევს ინვესტორებთან მოლაპარაკებების წარმოება,"- აცხადებს კონსორციუმის გენერალური დირექტორი.

შეგახსენებთ, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი არ გამორიცხავს, რომ წლის ბოლოდან სახელმწიფომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება გაწყვიტოს. მაია ცქიტიშვილის თქმით, 31 დეკემბერს იწურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული, მორიგ ჯერზე გახანგრძლივებული ვადა, რის შემდეგაც მთავრობა უკვე შესაბამის ქმედებებს განახორციელებს.