2020 წელს მთავრობა 1,1 მლრდ ლარით მეტს დახარჯავს, ვიდრე 2019-ში

2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის მიხედვით, მომავალ წელს მთავრობა 2019 წლისგან განსხვავებით მილიარდ 100 მილიონი ლარით მეტს დახარჯავს. ასევე, რამდენიმე მილიონით იზრდება განათლებისა და იუსტიციის სამინისტროების, ასევე რეგიონალური ფონდის დაფინანსება.

პირველადი ვერსიისგან განსხვავებით, იზრდება სახელმწიფოს შიდა და საგარეო ვალიც. ბიუჯეტის პროექტის კორექტირებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პირველადი ვერსიისგან განსხვავებით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 5%-დან 4.5%-მდე მცირდება.

"ეს არის საბოლოო ვერსია, რომელიც მთავრობამ წარმოადგინა. გარკვეულწილად გათვალისწინებულია პარლამენტის შენიშვნები. მინდა გითხრათ, რომ გაზრდილია ასიგნებები და აღწევს 14 მილიარდზე მეტს. მთავრობა 2020 წელს დახარჯავს 1 მილიარდი ლარით მეტს, ვიდრე ხარჯავს 2019 წელს. ეკონომოკური ზრდის მაჩვენებელი კორექტორებულია. ეს ნიშნავს, რომ ზრდა იქნება 4,5%, ნაცვლად პირველი ვერსიის 5% -ისა. თუმცა შენარჩუნებულია ყველა სოციალური მიმართულება, რაც პირველად ვერსიაში იყო. გაიზრდება ხელფასები და პენსიები. ასევე, 50 მილიონი დამატებულია რეგიონალური ფონდისთვის. ასევე თანხები დამატებულია იუსტიციისა და განათლების სამინისტროებისთვის. გარდა ამისა იზრდება საშინაო და საგარეო ვალიც, მაგრამ ამ თვალსაზრისით ვაკონტროლებთ რიცხვებს იქიდან გამომდინარე, რომ ვალის თანაფარდობა მშპ-სთან მიმართებაში 42% - ის ფარგლებშია და ეს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისია,"- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი პროექტისგან განსხვავებით გაზრდილია როგორც შემოსავლები, ასევე ხარჯებიც. კერძოდ, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 221.0 მლნ ლარით მეტია და 14 მილიარდ 432 მილიონ 866 ათას ლარს შეადგენს. გაზრდილია მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 514.2 მილიონი ლარით და 14მილიარდ 554 მილიონ 200 ათას ლარია. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი ფონდის დაფინანსება წინა ვერსიისგან განსხვავებით 50 მილიონით 350 მილიონ ლარამდე გაზარდა. თანხები გაეზარდა რამდენიმე სამინისტროს, მათ შორის, განათლების სამინისტროს დაფინანსება 30,5 მილიონით მეტია პირველადი ვერსიისგან განსხვავებით და შეადგენს 1.666.5 მილიონ ლარს.

ბიუჯეტის პირველადი ვერსიისგან განსხვავებით, 16 მილიონით გაიზარდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება. საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კონსულტაციების შედეგად გადაიხედა ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი, მშპ-ს რეალური ზრდის პროგნოზი 2020 წლისთვის პირველადი ვერსიისგან გამსხვავებით 5.0%-დან მცირდება 4.5%-მდე. მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელი კი იგივე - 3% - რჩება. ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტი 2,5%-ია.