"ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს" ხელმძღვანელი - თუ "ანაკლიის კონსორციუმთან" ხელშეკრულება შეწყდება, მთავრობამ გეგმა უნდა წარადგინოს, როგორ აპირებს პროექტის განხორციელებას

"ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს" ხელმძღვანელი ზვიად ჭუმბურიძე აცხადებს, რომ თუ 31 დეკემბრიდან "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ხელშეკრულება შეწყდება, მთავრობამ უნდა წარადგინოს გეგმა, თუ როგორ აპირებს ანაკლიის პროექტის განხორციელებას.

"ამ შემთხვევაში ხელისუფლება იღებს გადაწყვეტილებას, თუ 31 დეკემბერს ანაკლიის კონსორციუმს შეუჩერდება უფლებამოსილება, მაშინ მთავრობამ საზოგადოებას და ბიზნეს წრეებს უნდა წარუდგინოს თავისი ხედვა და გეგმა, რას აკეთებს პირველი იანვრიდან, ეს აუცილებელია. შეჩერდეს პროექტი და მერე პასუხი არ იყოს, ასე არ გამოვა. მე სიმართლე გითხრათ ოპტიმისტურად ვუყურებ, რომ შესაძლებელია ამ ვადამ გადაიწიოს, არ არის გამორიცხული. ვნახოთ, წინასწარ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს ,"-აცხადებს ჭუმბურიძე.

მისივე თქმით, ქვეყანაში, რომლის ტერიტორიებიც დროებით ოკუპირებულია, საომარ მდგომარეობაში იყო რუსეთთან, აუცილებელია საზღვაო ინფრასტრუქტურა განვითარდეს.

"რა თქმა უნდა, უნდა განვითარდეს ფოთიც, უნდა განვითარდეს ბათუმის პორტი, მათი მოდერნიზაცია უნდა მოხდეს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ანაკლიაც აშენდება. ის, რომ პროცესი ასე წარიმართა ანაკლიის კონსორციუმთან მიმართებაში, ძალიან ცუდია ზოგადად ინვესტიციების მოზიდვისთვის, ბიზნეს კლიმატისთვის და ქვეყნის განვითარებისთვის. მე როგორც მოქალაქე ვამბობ, რომ ერთმნიშვნელოვნად ანაკლია უნდა აშენდეს", -აცხადებს ჭუმბურიძე.