"რეზონანსი" - შეშა 50-100 ლარით გაძვირდა, სოფლების გაზიფიცირება საქმეს ვერ შველის

რეგიონების დიდ ნაწილში, გათბობის მთავარი საშუალება კვლავ შეშაა. მათ შორის, გაზიფიცირებულ სოფლებშიც კი. ფასი წლიდან წლამდე იზრდება და ზოგ რეგიონში 1 მანქანა შეშის ღირებულებამ წელს 100 ლარითაც კი მოიმატა, რაც ძალიან დიდი წნეხია, განსაკუთრებით, მაღალმთიან რეგიონებში, სადაც ზამთარი და გათბობის აუცილებლობა ნოემბრიდან აპრილის ჩათვლითაა.

მიუხედავად იმისა, რომ წელს, უჩვეულოდ თბილი ნოემბერი იყო და მაღალმთიანი რეგიონების გარდა, გათბობა, პრაქტიკულად, ბოლო კვირამდე საჭირო არ გამხდარა, რეგიონებში შეშის მარაგების პრობლემა კვლავ აქტუალურია. საკაფ ადგილებამდე მისვლა, სადაც ჭრაზე სახელმწიფო ნებართვას გასცემს, რთულია და მოსახლეობა ისევ ყიდვას არჩევს. გაზიფიცირების პრობლემის გადაჭრა, ბოლო ორი ხელისუფლების ყველა წინა საარჩევნო დაპირებაშია, თუმცა სრულფასოვნად დღემდე ვერ მოხერხდა, ბარის სოფლებშიც კი. იქ კი, სადაც გაზი უკვე გაყვანილია, ადგილობრივები, გათბობის კვლავ ტრადიციულ მეთოდებს ამჯობინებებენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს მათ ფინანსურ დანახარჯს არ ამცირებს.

შეშა ოფიციალურად არ გაძვირებულა და ლიმიტით შეძენილი საშეშე მასალა რეალურად გაცილებით იაფია, მაგრამ მოსახლეობა ამბობს, რომ ტრანსპორტირების პრობლემა აქვთ, რასაც საწვავის ფასი და მძიმე სამუშაო პირობებიც ემატება. ამიტომ დამოუკიდებლად ამ შრომის გაწევას ხალხი თავს არიდებს.

ზემო სვანეთში, შეშა წელს 700-800 ლარი ღირს, რაც შარშანდელზე 100 ლარით მეტია. ადგილობრივები ამბობენ, რომ სვანეთში შეშის შოვნა რთული არ არის, თუმცა ეს ფასს არ ამცირებს.

"ჩვენთან ზამთარი ადრე იწყება და გვიან გაზაფხულამდე გრძელდება, შესაბამისად, შეშის დიდი რაოდენობაა საჭირო. შარშანდელთან შედარებით, წელს ერთი დატვირთული მანქანის ღირებულება 100 ლარითაა გაზრდილი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ყიდის და შოვნაც არ ჭირს, ეს ფასის შემცირებაზე არ აისახება. ერთი მანქანა შეშის ფასი წელს ჩვენთან 700-800 ლარის ფარგლებშია”, - განუცხადა "რეზონანსს” სოფელ ლენჯერის მკვიდრმა.

მიუხედავად იმისა, რომ კახეთის დიდი ნაწილი გაზიფიცირებულია, შეშა აქაც გათბობის მთავარი საშუალებაა.

„ყველაფერი ძვირდება. წინა წლებში დიდი მანქანით შეშა თუ 400 ლარი ღირდა, ახლა 450 გახდა. რადგან დაჩეხვა არ შემიძლია, ამაშიც ფული უნდა გადავიხადო და მთლიანობაში 600 ლარი მჭირდება, ერთი მანქანა შეშაც არ მყოფნის და გაზაფხულზე კიდევ ვამატებ, რომელშიც კიდევ 130 ლარს ვიხდი ხოლმე“, - ამბობს წნორელი მამუკა მჭედლიშვილი.

ვაუჩერების მიუხედავად, საკუთარი რესურსით არავინ მიდის შეშის მოსაჭრელად არც იმერეთში, თუკი რეალიზაციისათვის არ სჭირდებათ. წყალტუბოში წელს შეშის შეძენა 500 ლარადაა შესაძლებელი, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 400 ლარადაც უპრობლემოდ შეიძლებოდა ყიდვა, თუმცა გაზიფიცირების შემდეგ, აქ მთავარი გასათბობი საშუალება შეშა აღარაა.

"მიუხედავად იმისა, რომ ვაუჩერებს ჩვენთანაც არიგებენ, იმდენად მიუვალ ადგილებშია, რომ არავინ ვიცი, ვისაც რეალიზაციისთვის არ უნდა და მაინც საკუთარი ძალებით ჩამოჰქონდეს შეშა. შარშან თუ 400 ლარი ღირდა და უპრობლემოდ იშოვიდი, წელს 500 ლარზე ნაკლებად გამორიცხულია. უბრალოდ, ჩვენთან მოხმარება შემცირდა, რაც გაზი გაიყვანეს. შეშა მთლიანად ვერა, ნაწილობრივ მაინც ჩანაცვლდა”, - აღნიშნა "რეზონანსთან" ლია იობაშვილმა.

გარემოსდამცველები სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, შეშის ალტერნატიული მექანიზმის გამოყენების საკითხს აქტიურად განიხილავენ. როგორც აღმოჩნდა, გაზიფიცირების პროცესმა ამ მხრივ არ გაამართლა.

არასამთავრობო ორგანიზაცია "კავკასიის ღია გარემოსდაცვითი საზოგადოების" წარმომადგენელი რეზო გეთიაშვილის თქმით, ხე-ტყის მსურველთა რიცხვი ოთხჯერ მეტია, ტყეში არსებულ რესურსთან შედარებით. ამის გამო ქვეყანაში შეშის დეფიციტია და სიტუაცია მომავალ წლებში კიდევ უფრო დამძიმდება.

"ყოველ წელს ვდგავართ ერთი და იმავე პრობლემის წინაშე. მოსახლეობის მხრიდან შეშაზე მოთხოვნა ძალიან დიდია, რეალურ რესურსთან შედარებით. ერთი მანქანა შეშის დამზადებას დღეს სჭირდება ათზე მეტი ხის მოჭრა.

რაც შეეხება ბუნებრივ აირს, დადასტურებულია, რომ მას ზამთარში რეგიონებში მასობრივად არ იყენებენ გაზიფიცირებულ რეგიონებშიც კი. აქედან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, ქვეყანაში გაზიფიცირების მასშტაბები შემცირდეს, მაგრამ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია", - განუცხადა "რეზონანსს" გეთიაშვილმა.

ერთ-ერთი ალტერნატივა, გარემოსდამცველის ინფორმაციით, რჩება ბიომასა, ნარჩენი ხე-ტყე, რომელიც ტყისთვის არის ცუდი, რადგან მავნებელი დაავადების კერებს ქმნის და გავრცელების რისკს უკავშირდება. რეალურად, ხალხი ხე-ტყის მცირე ნაწილს იყენებს და მოჭრილი ხის 40%-ს ადგილზე ტოვებენ.

ნინა გარდაფხაძე

გაზეთი "რეზონანსი"