დავით ნარმანია: ბოშების ბაზრობის ადმინისტრაცია მოვაჭრეებს კომპენსაციას გადაუხდის

დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას ინფორმაციით, ბოშების ბაზრობის ადმინისტრაცია მოვაჭრეებს კომპენსაციას გადაუხდის.

დედაქალაქის მერი ე.წ. ბოშების ბაზრობის ტერიტორიაზე დაზარალებულ მოვაჭრეებს ესაუბრა. შემდეგ კი ადმინისტრაციასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ ფინანსური დახმარების მოცულობა, რომელსაც ადმინისტრაცია მოვაჭრეებს გადაუხდის, ინდივიდუალურად განისაზღვრება. მისივე თქმით, ეს მოვაჭრეებსა და კომპანიას შორის მოლაპარაკების საგანია, თუმცა რაიონული გამგეობა შუამავლის როლს ითავებს და პროცესში მონაწილეობას მიიღებს.

"ვესაუბრეთ სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს, მეწილეებს, რომლებიც ღებულობენ პასუხისმგებლობას, რომ დაზარალებულ ადამიანებს დახმარება აღმოუჩინონ, დღესვე შედგება სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა და დაოქმდება ეს საკითხი, რათა კონკრეტულად დოკუმენტი გვქონდეს ხელთ და ამ დოკუმენტით იყოს განსაზღვრული, თუ რა პასუხისმგებლობას იღებს კომპანია", - აღნიშნა ნარმანიამ.

მისივე ინფორმაციით, რამდენიმე ოჯახს ზიანი მიადგა, კერძოდ, დაზიანებულია სახურავები, რომელთა აღდგენაზეც თბილისის მერია იზრუნებს. დავით ნარმანიას განცხადებით, მოვაჭრეებს შესაძლებლობა ექნებათ, დახმარება გამოიყენონ ბანკში კრედიტის დასაფარად ან შეიძინონ ახალი საქონელი, რომლითაც ახალ ტერიტორიაზე საქმიანობის გაგრძელებას შეძლებენ.

ე.წ. ბოშების ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი დღეს გამთენიისას გაჩნდა, დამწვარი არის 2500 კვმ ფართობი, მოვაჭრეების ნაწილი ხანძრის მიზანმიმართულად გაჩენაზე საუბრობს.

ისინი ვარაუდობენ, რომ მოპარული არის საქონლის ნაწილი, რადგან ნაცარში ვერ აღმოაჩინეს მეტალის ნივთები და ნარჩენები, მოვაჭრეები აცხადებენ, რომ ტერიტორიის გასხვისება იგეგმებოდა და აქ, ერთი ვერსიით, "კარფური" ან საცხოვრებელი კორპუსი უნდა აშენებულიყო. ნაწილის მოსაზრებით, ბაზრობის ადგილას ტრაილერების ავტოსადგომის განთავსება იგეგმებოდა.