საპენსიო ინდექსაცია, რომლის თანახმადაც პენსიის ზრდა ინფლაციის პარალელურად მოხდება, სავარაუდოდ, 2020 წელს დამტკიცდება

პენსიის ინდექსაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები, სავარაუდოდ, 2020 წელს დამტკიცდება.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, პენსიის ინდექსაციის ამოქმედება 2021 წლიდან იგეგმება.

„საპენსიო ინდექსაციაში გათვალისწინებული იქნება ასაკში სხვაობა. საპენსიო ინდექსაციასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ გრძელდება კონსულტაციები მსოფლიო ბანკთან და სავალუტო ფონდთან. გარკვეულ პრინციპებზე შეთანხმება ჯერ კიდევ არ არის და სანამ შეთანხმება საბოლოო არ იქნება, მანამდე ვერ იქნება წარმოდგენილი. გვინდა, რომ ინდექსაცია გაკეთდეს 2021 წლიდან, ამიტომ 2020 წელს ამ კანონის მიღებას ყველა ვარიანტში ვგეგმავთ, თუ რა თქმა უნდა, პარლამენტიც მხარს დაგვიჭერს,“ - განაცხადა კაკაურიძემ.

შეგახსენებთ, პენსიების ინდექსაცია ნიშნავს, რომ პენსიის ზრდა ინფლაციის პარალელურად მოხდება. პენსიის ოდენობა ასევე მიბმული იქნება ქვეყანაში საშუალო ხელფასზე, ეკონომიკურ ზრდასა და სხვა მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე.