ვფიქრობ, ყველაზე სწორი იქნება, განსაკუთრებით ამ ეტაპზე, როდესაც ვადა იწურება, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ პროექტი და კონკრეტული ინვესტორის პრობლემა, - ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
მინისტრის შეფასებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის სტრატეგიული პროექტი და მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის.
„ისედაც ძალიან დაგვიანდა - ორი წელი, პრაქტიკულად, ინვესტორის მოთხოვნით ხდებოდა გადავადება და ჩვენ ვერ დავუშვებთ ამ პროექტის მეტად დაგვიანებას. სასურველი იყო, რომ ამ ინვესტორთან ერთად მომხდარიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ნაკლებად სავარაუდოა“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
კითხვაზე, რა გეგმა აქვს მთავრობას იმ შემთხვევაში, თუ ინვესტორმა არ შეასრულა პირობა დათქმულ ვადაში, ნათია თურნავამ განმარტა, რომ ამაზე მთავრობა იმსჯელებს.
„დარჩა რამდენიმე დღე, მე არ მსურს, ფორმალობები დავარღვიოთ, მითუმეტეს, სამართლებრივ დავაზე იწყება საუბარი. ვაცალოთ ინვესტორს, ამოიწურება ვადა და ვიმსჯელებთ, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს პროექტი აუცილებლად, სწრაფად, ეფექტურად განხორციელდეს. ანაკლიის პორტის პროექტი კონსტიტუციით არის დაცული“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.