ქუჩები თბილისში, სადაც ყვითელი მიკროავტობუსები აღარ იმოძრავებს

„კომპანია „სისტრას“ მიერ მომზადებული გეგმის მიხედვით, თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე ყვითელი მიკროავტობუსები აღარ იმოძრავებს,“ - ამის შესახებ კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ასანიძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

„საუბარია, დიდ არტერიებზე, მაგალითად, თავისუფლების მოედნიდან, რუსთაველის, ჭავჭავაძის გამზირის გავლით, ვაკის სასაფლაომდე მიმართულებაზე, ასევე გლდანიდან დადიანის გამზირის მიმართულებით მარშრუტზე. სამაგიეროდ, ამ არტერიებს, უბნებიდან სწორედ მიკროავტობუსები მოამარაგებს. ამ სქემის განხორციელებას იმედის თვალით ვუყურებთ, რადგან მისი განხორციელებით, ყველანაირი საუბარი მიკროავტობუსებთან და ტრანსპორტთან დაკავშირებით, დამთავრდება,“-განაცხადა ასანიძემ.

მისივე თქმით, გეგმის თანახმად, თბილისში მგზავრობისას შესაძლოა, ინტეგრირებული ტარიფი დაწესდეს.

„მათ მიერ შემუშავებულ გეგმაში წერია, რომ ავტობუსები ივლიან გრძელ მარშრუტებზე, ძირითად არტერიებზე. პატარა მარშრუტებზე გადაადგილება კი, მათ შორის, უბნებიდან ხალხის გამოყვანა ან მეტროებიდან დიდი არტერიების მომარაგება მიკროავტობუსების ხარჯზე იქნება. თუმცა, ამ შემთხვევაში უკვე საუბარია, ინტეგრირებული ტარიფის შემოღებაზე. ეს გულისხმობს, რომ თუ მგზავრი ავა მიკროავტობუსში, ხოლო შემდეგ ავტობუსში გადაჯდება, ფულს აღარ გადაიხდის და პირიქით.

„სისტრას“ სქემის მიხედვით, თუ ადამიანი პირობითად მეტროდან მიდის სახლის მიმართულებით, ჯერ მიკროავტობუსის მეშვეობით უნდა მივიდეს ძირითად არტერიამდე, შემდეგ უნდა გადაჯდეს ავტობუსში, ხოლო უბანში სახლამდე მისასვლელად კიდევ მიკროავტობუსი დასჭირდება. ამ გადაჯდომების ფონზე, რომ ტარიფი არ გაძვირდეს, საჭიროა ინტეგრირებული ტარიფის შემოღება,“- აღნიშნა ასანიძემ.

მერია მიკროავტობუსების პარკის ჩანაცვლებას გეგმავს და შესაბამის კომპანიასთან კონკრეტული გეგმის შემუშავებასა და წარდგენაზე მუშაობს, რათა 2020 წლიდან მიკროავტობუსების ჩანაცვლება დაიწყოს. კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ გენერალური დირექტორის თქმით, კომპანია პასუხისმგებლობით ეკიდება მიკროავტობუსების საკითხს, თუმცა, მისივე თქმით, არაერთი პრობლემაა, რამაც, კომპანია ზარალზე გაიყვანა იმ ფონზე, რომ წლებია მგზავრობის ტარიფი არ გადახედილა. დირექტორის განცხადებით, კომპანია ტარიფის 20-30 თეთრით მატების გარეშე მიკროავტობუსების პარკის განახლების შესაძლებლობას ვერ ხედავს.

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის თქმით კი, „ყველა ვარიანტს განიხილავს, გარდა ტარიფის ზრდისა". ამასთან, როგორც ხმალაძე აცხადებს, ტარიფის ზრდა არის ისეთი ვარიანტი, რომელსაც დიდი ალბათობით, მერია არ დათანხმდება.

თაია არდოტელი