ჰაერში გასროლილი მილიონები და უფუნქციოდ დარჩენილი შენობები

სამი უდიდესი საინვესტიციო პოტენციალის მქონე შენობა, საპრივატიზაციო ნუსხაში ვერ მოხვდა

ქუთაისის პარლამენტის ყოფილი შენობა, პრეზიდენტის ყოფილი ადმინისტრაცია, “რიყის დოქები” – ეს იმ შენობების ჩამონათვალია, რომელთა ასაშენებლად თავის დროზე დიდძალი თანხები დაიხარჯა. ჩამოთვლილი ობიექტები დღეს უფუნქციოდ არის. მიმდინარეობს გარკვეული საუბრები მათთვის ფუნქციების გამოსაძებნად, თუმცა საუბრები მხოლოდ საუბრებად რჩება და რაიმე სახის ხელშესახები წინსვლა ამ მიმართულებით არ შეიმჩნევა. შესაბამისად, მათზე დახარჯული თანხები, შეიძლება ითქვას, რომ ამ დროისათვის ჰაერშია გასროლილი.

მოცემულ შემთხვევაში, უფუნქციოდ დარჩენილ სამ მსხვილ პროექტს შევეხებით, რომელთა ასაშენებლად საკმაოდ დიდი მოცულობის თანხები დაიხარჯა.

ქუთაისში მდებარე ყოფილი პარლამენტის შენობა

ქუთაისი საპარლამენტო ქალაქად 2009 წლის 24 სექტემბერს გამოცხადდა და კონსტიტუციის 48-ე მუხლში შესაბამისი ცვლილებაც შევიდა. პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობისთვის თავდაპირველ თანხად 133 700 000 ლარი განისაზღვრა. ქუთაისის პარლამენტის მშენებლობა 2012 წელს დასრულდა, თუმცა შენობის ასაშენებლად 326 მილიონი ლარი დაიხარჯა. 326 მილიონიდან, 144 მილიონი ლარი პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯა. იმისათვის, რომ სახელმწიფოს დარჩენილი 181 მილიონი შეეგროვებინა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ძალიან ბევრი ქონება გაყიდა და გაასხვისა.

დღეს, ქუთაისის ყოფილი პარლამენტის შენობა უფუნქციოდ არის დარჩენილი, ხოლო უფუნქციო შენობის კომუნალურმა ხარჯებმა 8 თვეში 690,000 ლარი შეადგინა.

საკანონმდებლო ორგანოს თბილისში დაბრუნების შემდეგ ხელისუფლებამ ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰაბის განთავსება დააანონსა.

შედეგად, გასულ კვირას, ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში დაკონსერვების სამუშაოები დაიწყო. შენობაში ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები მუშაობენ და იქ არსებულ ინვენტარს აღწერენ. აღწერის დასრულების შემდეგ მონაცემებს ეკონომიკის სამინისტროს გადასცემენ. სამინისტრო კი შენობას დაკონსერვებულად გამოაცხადებს.

შენობაში ადგილზე დასაქმებულების გარდა არავის უშვებენ. სამეურნეო აპარატში დასაქმებულებს მედიასთან ღიად საუბარი არ სურთ.

75 მილიონიანი ე.წ. “რიყის დოქების” შენობა უკვე 7 წელია უფუნქციოდაა

მომდევნო მსხვილი პროექტი, რომელიც თბილისში, ევროპის მოედანზეა განთავსებული და აგერ უკვე მეშვიდე წელია უფუნქციოდაა დარჩენილი, ე.წ. “რიყის დოქების” შენობაა.

პროექტის ჯამური ღირებულება 75 მილიონ ლარს შეადგენს. მილის ფორმის კონსტრუქციაში მუსიკალური საგამოფენო დარბაზი და თეატრი უნდა განთავსებულიყო. ობიექტი ამჟამად ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსზე ირიცხება. ობიექტს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი იცავს, რისთვისაც ფულს ქონების სააგენტო იხდის.

ობიექტისათვის ფუნქციის მისაცემად, მთავრობის მხრიდან აქტიური საინიციატივო წინადადებები არ ჩანს. ერთ-ერთი ინიციატივა ობიექტის ქართული ღვინის მუზეუმად გადაკეთებას გულისხმობს, რომლის ავტორიც ერთ-ერთი მეღვინეა და საამისოდ პეტიციების შეგროვებაც მიმდინარეობს. თუმცა, ამ დრომდე, როგორც აღინიშნა, ხელშესახები და ქმედითი ინიციატივა ოფიციალური წარმომადგენლების მხრიდან არ გაჟღერებულა და ობიექტი უკვე 7 წელია უფუნქციოდაა.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს Designboom.com-ის რეიტინგში ე.წ. “რიყის დოქები”, მსოფლიოს 10 საუკეთესო ნაგებობას შორის მოხვდა.

ბურუსით მოცული პრეზიდენტის ყოფილი სასახლის ხარჯები

ავლაბარში, აბდუშელიშვილის ქუჩის 1 ნომერში მდებარე რეზიდენცია 5 წლის მანძილზე შენდებოდა და ის 2009 წელს პომპეზურად გაიხსნა. ზუსტად რა თანხა დაუჯდა საქართველოს ბიუჯეტს უზარმაზარი კომპლექსი უცნობია, თუმცა მედიაშია სხვადასხვა წყაროებისა და ექსპერტ-ანალიტიკოსების მოსაზრებების მიხედვით, შენობის საერთო ღირებულების მოცულობა საკმაოდ მაღალია. ჟღერდება ვერსიები, რომლის მიხედვითაც ობიექტის აშენების მთლიანი ხარჯი 40 მილიონი დოლარიდან 800 მილიონ დოლარამდე მერყეობს.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2009 წელს განაცხადა, რომ “სასახლის აშენება დაჯდა, დაახლოებით, მეხუთედზე ნაკლები მთელი საბიუჯეტო ხარჯების, რომელიც გაწია ჩვენმა ქვეყანამ ბოლო 5 წლის განმავლობაში.”საქართველოს ბიუჯეტს ავლაბრის რეზიდენციის შენახვა ყოველწლიურად, საშუალოდ, დაახლოებით, 2,5 მილიონი ლარი უჯდება, აქედან ყველაზე მეტი, მილიონი ლარის ფარგლებში, კომუნალურ ხარჯებზე (ელექტროენერგია, გაზი, წყალი) მიდის, სასახლის დაცვაზე კი 800 000 ლარამდე იხარჯება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს შორის შეთანხმების საფუძველზე პრეზიდენტის ყოფილი სასახლისთვის ახალი ფუნქცია განისაზღვრა და ის სახელმწიფო ცერემონიების სასახლე გახდა.

მართალია, ამ შენობას გარკვეული დანიშნულება გამოეძებნა, თუმცა იმის გამო, რომ მის ასაშენებლად დახარჯული თანხის მოცულობა ბურუსითაა მოცული, რეალური, გონივრულ გათვლებზე დამყარებული დასკვნის გაკეთება გადაწყვეტილების რენტაბელურობასთან დაკავშირებით, რთულდება.

ეს იმ ობიექტების არასრული ჩამონათვალია, რომელიც სახელმწიფო ბალანსზეა და რომელიც დღევანდელი მდგომარეობით უფუნქციოდაა დარჩენილი. უნდა ითქვას ისიც, რომ მთავრობამ გასულ კვირას საპრივატიზაციო ობიექტების მასშტაბური გეგმა წარადგინა. გეგმის მიხედვით, 100 ობიექტი იქნა გამოტანილი საპრივატიზაციოდ. საპრივატიზაციო ნუსხაში ყველაზე მსხვილი, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე “მიხაელოვის” ყოფილი საავადმყოფოს შენობაა, რომლის საწყისი ფასიც 35,000,000 ლარს შეადგენს. როგორც ჩანს, ზემოაღნიშნული ობიექტები საპრივატიზაციო ნუსხაში ვერ მოხვდა და სავარაუდოდ, შენობების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული პრობლემატიკა, კვლავ იდგება დღის წესრიგში.

წყარო: bfm.ge