როგორ იმოქმედებს ქუჩის პროტესტი ქვეყნის ეკონომიკაზე

"ინვესტორს სჭირდება მშვიდი პოლიტიკური გარემო, თუნდაც იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ბიზნესის განვითარების გრძელვადიანი პროგნოზი გააკეთოს"

სანამ ოპოზიცია აქციებს განაგრძობს და საყოველთაო-სახალხო დაუმორჩილებლობისთვის ემზადება, ხელისუფლება ამბობს, რომ ყველაფერს აკეთებს, რათა ინვესტორები და კომპანიები არ დაფრთხნენ და ეკონომიკა განვითარდეს. მთავრობაში მიაჩნიათ, რომ რადიკალიზაცია, პოლიტიკური ტურბულენტობა და დესტრუქცია აზარალებს ქვეყანასა და მის ეკონომიკას. ოპოზიცია კი ხელისუფლებას პასუხისმგებლობისგან გაქცევაში სდებს ბრალს და ამბობს, რომ მთავრობა საკუთარი წარუმატებლობის ოპოზიციაზე გადაბრალებას ცდილობს. რა ეკონომიკური რყევები შეიძლება გამოიწვიოს ქვეყანაში ქუჩის პროტესტმა, ამის გარკვევა ეკონომისტთან ვცადეთ.

ვახტანგ ჭარაია, თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი: - ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები აუცილებლად ნეგატიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. ამის თქმის საფუძველს მაძლევს არა მარტო ბოლოდროინდელი მოვლენები, არამედ ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა და მისი ეკონომიკის სიმყიფე. ისედაც ძალიან ღარიბი ქვეყანა ვართ, უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლით, არასტაბილური ვალუტით, ორი ოკუპირებული რეგიონით და როცა ამას ემატება პრობლემები შიდა პოლიტიკაში, არასტაბილური გარემო, ეს დამატებითი საბაბია უცხოელი ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში კაპიტალის დაბანდებაში სიფრთხილე გამოიჩინონ.

ცხადია, როცა უცხოელი თუ ადგილობრივი ინვესტორი ფულის ჩადებისგან არასტაბილურობის გამო იკავებს თავს, ეს უფრო მეტად ამწვავებს ეკონომიკის ზემოხსენებულ სუსტ მხარეებს.

- თუმცა ეროვნული ვალუტის გაუფასურება გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე ოპოზიციის ქუჩის გამოსვლები. უმუშევრობის პრობლემა ქვეყანაში აგერ უკვე 30 წელიწადია დგას. ინვესტიციებიც დაახლოებით 50%-ით ჯერ კიდევ წლის პირველ ნახევარში შემცირდა. ხომ არ ცდილობს ახლა ხელისუფლება, ამ პრობლემებს განერიდოს და ყველაფერი ოპოზიციას გადააბრალოს?

- არც უმაგისობაა. ხელისუფლება ცდილობს საკუთარ თავს ნაკლები პოლიტიკური ზიანი მიაყენოს და პირიქით, მეტი ჩრდილი ოპოზიციას მიადგეს. მაგრამ როგორადაც უნდა ეცადოს, საბოლოოდ ამ პროცესების დარეგულირება და ყველა პრობლემის მოგვარება მაინც მოუწევს. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება როგორც ერთი, ისე მეორე პოლიტიკური მხარის აგრესია, დაძაბულობა, პროტესტი, მით მეტად დაზიანდება ეკონომიკა. კარგია, როცა ქვეყანაში გაქვს დაბალი გადასახადები, ელექტრონული გადახდის სისტემები, ნებართვებისა და ლიცენზიების გამარტივებული პროცედურები, მაგრამ ინვესტორებისთვის ეს გარემოებები არ არის საკმარისი საიმისოდ, რომ ფული სწორედ ასეთ ქვეყანაში დააბანდონ.

ინვესტორს სჭირდება მშვიდი პოლიტიკური გარემო, თუნდაც იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ბიზნესის განვითარების გრძელვადიანი პროგნოზი გააკეთოს. გარდა ამისა, ბიზნესის საწარმოებლად სჭირდება კვალიფიციური კადრები, რისი დეფიციტიც ჩვენს ქვეყანაში მწვავედ იგრძნობადა შესაბამისად, ხშირია შემთხვევა, როცა მსხვილი უცხოელი ინვესტორი საქართველოში მენეჯმენტის ძირითად სტაფთან ერთად ჩამოდის. მაღალანაზღაურებადი, კვალიფიციური კადრი არ ჩამოვა ქვეყანაში, სადაც მუდმივი არასტაბილურობა და ხელისუფლების შეცვლის მცდელობაა. ასეთი ადამიანები ხშირად ოჯახებთან ერთად ჩამოდიან და, ბუნებრივია, აქვთ საჭიროება, რომ მათმა შვილებმა აქ განათლება მიიღონ, ოჯახმა უქმეებზე დასვენება შეძლოს და როცა ხედავენ, რომ ქუჩებში მუდმივად გამოსვლები და აქციებია, რა თქმა უნდა, ჩამოსვლისგან თავს შეიკავებენ, თუნდაც მაღალი ანაზღაურების სანაცვლოდ.

- თუ აქციები და გამოსვლები უცხოელ ინვესტორებს აფრთხობს, როგორ იმოქმედებს ქვეყანაში არსებული ვითარება ტურისტულ სექტორზე?

- ამისთვის საკმარისია ზაფხულის მაგალითი გავიხსენოთ, როცა 20-21 ივნისის მოვლენებისა და პუტინის მიერ საქართველოსთან ავიამიმოსვლის შეწყვეტის შემდეგ, რუსმა ტურისტებმა სასტუმროების ჯავშნები გააუქმეს. საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად აშუქებს მსოფლიო მედია, რასაც უთუოდ ყურადღებით ეცნობიან პოტენციური ტურისტები. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქუჩის პროტესტს ხშირად ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვება, ამიტომ ტურისტი, რომელიც მთელ წელიწადს აგროვებს დანაზოგს, რომ ერთ-ორი კვირით დაისვენოს, არ ჩამოვა და არ დახარჯავს ფულს არასტაბილურ ქვეყანაში. თუმცა ახლა საქართველოში ტურისტები, ძირითადად, ზამთრის კურორტებზე ჩამოდიან და ამიტომ არა მგონია, მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა იქონიოს მათ რაოდენობაზე.

- ლარის კურსი და ინფლაცია ის მთავარი გამოწვევებია, რასაც მთავრობაც აღიარებს და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას გვპირდება. რა გავლენა შეიძლება იქონიოს მიმდინარე აქციებმა და დაანონსებულმა პერმანენტულმა პროტესტმა ეროვნული ვალუტის მდგრადობაზე?

- ლარის კურსზე ყველაზე დიდი ნეგატიური გავლენა ბოლო პერიოდში იქონია არა რომელიმე ობიექტურმა ფაქტორმა, მაგალითად, ექსპორტ-იმპორტის სხვაობამ, ფულადმა გზავნილებმა და სხვა, არამედ მოლოდინებმა. როცა მოსახლეობას ქვეყანაში სტაბილურობის მოლოდინი აქვს, ეროვნული ვალუტის მიმართ მეტი ნდობა ჩნდება და ლარიც მყარდება. ლარის გაუფასურების პროცესი შეგვიძლია თერმომეტრს შევადაროთ:

როცა ადამიანს მაღალი ტემპერატურა აქვს, თერმომეტრში კი არ არის პრობლემა, არამედ ტემპერატურის გამომწვევი მიზეზებია საძებარი. ასეა ლარის კურსიც, მისი გაუფასურების მიზეზები უნდა გამოვკვეთოთ.

ახლა, წლის მიწურულს, ყველა საახალწლოდ ემზადება და როგორც წესი, ვისაც აქვს ვალუტა, ლარში ახურდავებს. შესაბამისად, ამ დროს მოთხოვნა ლარზე უფრო იზრდება, ვიდრე დოლარზე, რაც ლარს ამყარებს. ბოლო ვაჭრობის შედეგად 1 დოლარის ღირებულება უკვე 2,94 ლარამდე შემცირდა. იმის მიხედვით, როგორ განვითარდება მოვლენები და თუ ნეგატიური მოლოდინები გადააჭარბებს სეზონურ ფაქტორებს, ლარი ისევ დაიწყებს გაუფასურებას.

ხშირად ეჭვქვეშ აყენებენ ლარის კურსზე მოლოდინების გავლენას, თუმცა ეს ზემოქმედება მარტივად შეიძლება აიხსნას +- როცა ქვეყანაში სტაბილური ვითარებაა, ადამიანს დასვენების სურვილიც აქვს, გართობისაც, კარგი საახალწლო სუფრის მომზადებაც უნდა და საახალწლო საჩუქრის გაკეთებაც, მაგრამ, როცა გაქვს მოლოდინი, რომ შესაძლოა შენი შემოსავლები შემცირდეს ან სამსახური დაკარგო, ამ დროს ფულს კი არ ხარჯავ, მაქსიმალურად ზოგავ. მართალია, ამით შენს მომავალზე ზრუნავ, მაგრამ იმ კონკრეტულ მომენტში ეკონომიკას აკლდება ფული და სულ უფრო ნაკლები თანხა ხვდება ბრუნვაში. მაგალითად, თუ უარყოფითი მოლოდინების გამო არ წახვალთ დასასვენებლად ბაკურიანში, ესე იგი, იქაურ სასტუმროსა და კვების ობიექტებს სტუმარი დააკლდება, თავის მხრივ, ისინიც ნაკლებ პროდუქტს შეიძენენ სხვადასხვა მომწოდებლისგან და ეს იკვრება ერთიან ეკონომიკურ ჯაჭვში, რომლის ყველა შემადგენელი რგოლი სუსტდება. საერთო ჯამში ეს ყველაფერი იწვევს ეკონომიკური ზრდის შენელებასა და ლარის დასუსტებას.

- უცხოური ინვესტიციები ნებისმიერი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ როგორ იქცევა ადგილობრივი ბიზნესი, როცა ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები მწვავდება?

- კარგია, რომ წლიდან წლამდე ექსპორტის მაჩვენებელი იზრდება, რაც ნიშნავს, რომ ყოველწლიურად მეტ პროდუქციას ვაწარმოებთ და გაგვაქვს ქვეყნიდან. თუმცა ამასთან ერთად იზრდება იმპორტიც და სწორედ ეს არის ჩვენი პრობლემა. ასეთ პირობებში, როცა ლარის გაუფასურების გამო იმპორტირებული პროდუქცია ძვირდება, ადგილობრივ ბიზნესს უჩნდება კარგი საბაბი, აქ აწარმოოს და ჩაანაცვლოს ძვირი იმპორტირებული პროდუქტი. ყველაზე ვერ განვაზოგადებთ, ვიღაცისთვის შესაძლოა ასეთი ვითარება ხელსაყრელიც იყოს და გარისკოს, მაგრამ უმეტესობა მაინც თავს იკავებს მეტის დახარჯვისა და გაფართოებისგან, რადგან მისი ინვესტიცია შესაძლოა რისკის ქვეშ დადგეს. ბიზნესს ურჩევნია, უფრო სტაბილურ დროს დაელოდოს. ისიც კი, ვინც ოპტიმისტურად არის განწყობილი, მაინც შეიკავებს თავს დამატებითი ხარჯების გაღებისგან, რადგან იცის, რომ დღეს არსებული ვითარება არ არის კარგი დრო ინვესტირებისთვის. ასეთ დროს თუ ბიზნესს თავისუფალი ფული აქვს, ქვეყნიდან გააქვს და იქ ახდენს მის ინვესტირებას ბიზნესში ან დეპოზიტებზე, რაც, ბუნებრივია, ჩვენს ეკონომიკას აკლდება.ბიზნესსა და პოლიტიკას შორის ყოველთვის მჭიდრო კავშირია და რაც უფრო მეტად არის განვითარებული ქვეყანა, მით მეტად მგრძნობიარეა ბიზნესი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების მიმართ.

ახლა საქართველოში ორმაგად შემაფერხებელი გარემოება გვაქვს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორებისთვის - საარჩევნო წელს, როგორც წესი, ყურადღებით აკვირდებიან მოვლენებს და მხოლოდ შედეგების შემდეგ იღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს.

- არსებობს ერთგვარი "დამცავი ბალიში" ეკონომიკისთვის, რომელიც შესაძლოა ამ მოვლენებს დაუპირისპიროს ხელისუფლებამ?

- ხელისუფლებას შეუძლია საგარეო ვალის ხარჯზე უზრუნველყოს ეკონომიკური ზრდა, შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები, განახორციელოს ინფრასტრუქტურული პროექტები და დროებით მიაღწიოს სტაბილურობას, მაგრამ დიდად მისასალმებელი ეს არ არის, რადგან ვალით აშენებული ეკონომიკა ვერ იქნება ქვეყნისთვის მყარი საფუძველი, არც პოლიტიკური ვითარების გადასაფარავად აღებული ვალი მოიტანს გრძელვადიან შედეგს.

კარგი იქნება, ასეთ დროს მეტი ყურადღება დაეთმოს ბიზნესის განვითარებას, შეიქმნას დამატებითი სახელმწიფო პროგრამები ბიზნესის დაფინანსებისთვის, საპროცენტო განაკვეთების შემცირების, ფინანსური რესურსის მოპოვების გამარტივებისთვის და განსაზღვრული საგარანტიო მექანიზმების ასამუშავებლად, რაც ბიზნესს დაარწმუნებს, რომ არც ისე ცუდად არის ქვეყანაში საქმე; რომ შესაძლოა ქუჩაში დგანან, პრობლემები არის, მაგრამ სახელმწიფო მას აძლევს კონკრეტულ გარანტიებს, რომ ეს შესაძლებლობა, პირობითად, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ხელშეუხებლად ექნება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ფული ღირს და თუ ეს ფული არა გაქვს, ვერც მსგავს აქტივობებს დააფინანსებ. საბოლოოდ, ბიზნესი სწორედ იმ დროს გრძნობს თავს ყველაზე კარგად, როცა ფინანსური რესურსიც აქვს და სტაბილურობაც.

წყარო: „კვირის პალიტრა"

ემა ტუხიაშვილი