წინასწარი მონაცემებით, მე-3 კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 13.7%-ით არის გაზრდილი

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის მე-3 კვარტალში 417.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მე-3 კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 13.7 პროცენტით მეტია.

ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

2019 წლის მე-3 კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების სტრუქტურაში პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 18.8 პროცენტით, მეორე ადგილზე ნიდერლანდი - 16.4 პროცენტით, ხოლო მესამეზე თურქეთი - 10.3 პროცენტით.

„სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2019 წლის მე-3 კვარტალში 45.7 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 96.0 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 23 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 49.3 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - სასტუმროების და რესტორნების სექტორი 45.7 მლნ აშშ დოლარით,“-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

თაია არდოტელი