„ევროპაბეთი“ უარს ამბობს გარე რეკლამაზე, სატელევიზიო, რადიო და ონლაინ რეკლამებზე კი შეზღუდვებს აწესებს

„ევროპაბეთი“ უარს ამბობს გარე რეკლამაზე, ტელევიზიაში, რადიოსა და ონლაინ რეკლამებზე კი შეზღუდვებს აწესებს.

აღნიშნულის შესახებ, ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.

„პასუხისმგებლიანი თამაში“ ევროპაბეთის ახალი პროექტია, რომლის შესახებაც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. 2020 წლის იანვრიდან ევროპაბეთი მომხმარებლებს ახალ ონლაინ ხელსაწყოებს შესთავაზებს და ეს ქართულ სათამაშო ბიზნესში, პასუხისმგებლიანი თამაშის, ახალ სტანდარტს დანერგავს: რეალობის შემოწმების შეტყობინება; თვითშეფასების ტესტი; მოთამაშის რჩევები; მხარდაჭერა პრობლემური მოთამაშეებისთვის 24/7; პრობლემური მოთამაშეების თერაპია; გამკაცრებული ვიდეოვერიფიკაცია.

2019 წლიდან ევროპაბეთი, ეტაპობრივად, უარს ამბობს ყველა ისეთ კომუნიკაციაზე, რომლებიც სცილდება მიზნობრივ აუდიტორიას და შეუძლებელი ხდება მაყურებლის ასაკის კონტროლი. კერძოდ: კომპანია სრულად უარს ამბობს გარე რეკლამაზე; საათობრივად ზღუდავს რეკლამას ტელევიზიასა და რადიოში; ინტერნეტრეკლამაში კი მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ასაკობრივი შეზღუდვა.

საკომუნიკაციო არხებზე თვითშეზღუდვით დაზოგილი მთლიანი ბიუჯეტი საზოგადოებისა და გარემოს განვითარების პროექტებს მოხმარდება. ამ მიზნით, 2020 წლის განმავლობაში 2,2 მილიონი ლარი დაიხარჯება. კერძოდ:

  • პასუხისმგებლიანი თამაშის შესახებ ცნობადობის გაზრდა
  • სპორტის განვითარება
  • ონლაინ მედიის განვითარება
  • სოციალური პასუხისმგებლობის პროექტები
  • ლოკალური კულტურის მხარდაჭერა და განვითარება,“-ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

აზარტული თამაშების და მათი რეკლამირების შესახებ წლებია საუბრობენ. შეგახსენებთ იმასაც, რომ აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვასთან დაკავშირებით, ლევან გოგიჩაიშვილისა და სხვა დეპუტატების მიერ მომზადებულ წინა კანონპროექტს მიმდინარე წლის აპრილში პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. ხოლო ფინანსთა სამინისტროს პროექტი სათამაშო ბიზნესის რეგულირებასთან დაკავშირებით, პარლამენტშია წარდგენილი უკვე ორი წელია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით, ცოტა ხნის წინ პარლამენტში დეპუტატების ჯგუფმა კიდევ ერთხელ დაარეგისტრირა შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივები.

აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულება წლებია სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ქვეყანაში. „პალიტრა მედია ჰოლდინგმა“ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, 2016 წლის 15 თებერვლიდან გადაწყვიტა, სათამაშო ბიზნესიდან შემოსული მნიშვნელოვანი სარეკლამო შემოსავლის მიუხედავად, აეკრძალა საკუთარ მედიასაშუალებებში აზარტული თამაშების რეკლამა. მიმდინარე წლის ოქტომბერში კი საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც განაცხადა, რომ 2020 წლიდან საკუთარი ეთერით აღარ განახორციელებს აზარტული თამაშების რეკლამირებას.

თაია არდოტელი