მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში - 4,869,190 მგზავრს მოემსახურა. რაც 4%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2018 წელი 4,696,115 მგზავრი).
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ნოემბრის თვეში, მგზავრთნაკადის ზრდა კვლავ თბილისის გარდა, ქვეყნის ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ აეროპორტში დაფიქსირდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ნოემბერში 214,571 მგზავრს მოემსახურა, რაც -18% ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 261,209 მგზავრი ). შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადის -2% კლებაა 11 თვის ჭრილშიც. აეროპორტი იანვარ-ნოემბერში 3,470,438 მგზავრს მოემსახურა (2018 წელი 3,547,553 მგზავრი). ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2019 წლის ნოემბერში 50 % გაიზარდა და 72,032 მგზავრი შეადგინა (2018 წელი 47,868 მგზავრი). რაც შეეხება 11 თვის მონაცემებს, იანვარ-ნოემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 791,356 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 41% მეტია. (2018 წელი 560,254 მგზავრი).
2019 წლის ნოემბერში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 26,311 მგზავრმა ისარგებლა. რაც 7 %-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 24,677 მგზავრი). რაც შეეხება 11 თვის ჭრილს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 3%-ით გაიზარდა და 597,939 მგზავრი შეადგინა. (2018 წელი 580,370 მგზავრი).
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ პროგნოზით, თბილისის აეროპორტში წლის დასაწყისში არსებული მოლოდინით, როდესაც რუსუთის მიმართულებით ფრენები სრულდებოდა, ნოემბრის თვეში უნდა ყოფილიყო 13 % ზრდა, რეალურად კი თბილისის შემთხვევაში -18 % იანი კლებაა. ბათუმის აეროპორტში 15 %-იანი ზრდის მოლოდინი იყო, რეალურად კი მხოლოდ 7% -იანი ზრდა დაფიქსირდა. ერთადერთი საერთაშორისო აეროპორტი, სადაც არსებული მაჩვენებლები მოლოდინებზე მეტია ქუთაისის აეროპორტია. 2019 წლის დასაწყისში, ნოემბრის თვეში 42 % ზრდის მოლოდინი იყო, რეალურად კი - 50 % ზრდა გვაქვს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ქუთაისში ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair შემოვიდა და ასევე მოსალოდნელზე უკეთ მუშაობს Wizz air-ის ახალი მიმართულებები.
რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს:
მესტიის აეროპორტი 11 თვეში 7,658 მგზავრს მოემსახურა. რაც 19 % მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 6,439 მგზავრი). ნოემბრის თვეში მესტიის აეროპორტით 572 მგზავრმა ისარგებლა, რაც 99 % მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 288 მგზავრი).
ამბროლაურის აეროპორტით, 2019 წლის იანვარ-ნოემბერში 1,799 მგზავრმა ისარგებლა, რაც 20 % მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 1,499 მგზავრი).
რაც შეეხება ნოემბრის თვეს, ნოემბერში ამბროლაურის აეროპორტი 130 მგზავრს მოემსახურა, რაც 83 % მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 71 მგზავრი).
11 თვის ჯამში ადგილობრივი აეროპორტებით 9,457 მგზავრმა ისარგებლა რაც 19%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას (2018 წელი 7,938 მგზავრი).