"ადამიანები მიდიან და მოდიან, ერთ პროფესიონალს მეორე შეცვლის, მაგრამ საპენსიო რეფორმა ცალკეულ საკადრო გადაწყვეტილებაზე არაა დამოკიდებული"

ადამიანები მიდიან და მოდიან. ერთ პროფესიონალს მეორე პროფესიონალი შეცვლის, მაგრამ საპენსიო რეფორმა არც ერთ ცალკეულ საკადრო გადაწყვეტილებაზე არაა დამოკიდებული, - ასე ეხმაურება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა „საპენსიო სააგენტოს" დირექტორის განცხადებას, რომ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით სამეთვალყურეო საბჭოს განცხადებით მიმართა.

ნათია თურნავას განცხადებით, როგორც მისთვის არის ცნობილი, ლევან სურგულაძეს კერძო სექტორში გადასვლის სურვილი აქვს.

„ძალიან წარმატებულია ჩვენი საპენსიო რეფორმის პირველი ეტაპი, რაც მათ შორის ლევან სურგულაძის დამსახურებაა. განვიხილავთ მის წინადადებას, შევხვდებით, გავესაუბრებით და მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც რეფორმის წარმატებისთვის იქნება საჭირო“, - აცხადებს თურნავა.

„საპენსიო სააგენტოს“ დირექტორმა, ლევან სურგულაძემ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით სამეთვალყურეო საბჭოს განცხადებით მიმართა. მან შესაბამისი განცხადება დღეს „საპენსიო სააგენტოს“ სათაო ოფისში მედიის წარმომადგენლებთან გააკეთა.