"დაბი ჯგუფი" საქართველოში ინვესტიციების გაზრდას გეგმავს

თბილისში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა 2015 წლის ბოლოს დასრულდება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტს, რომელსაც "დაბი ჯგუფი" ახორციელებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ვიზიტის ფარგლებში გაეცნო. ირაკლი ღარიბაშვილს სასტუმროს დიზაინსა და პროექტის სხვა დეტალებზე ინფორმაცია "დაბი ჯგუფის" თავმჯდომარემ, შეიხმა ნაჰიან ბინ მუბარაქ ალ ნაჰიანმა მიაწოდა.

ხუთვარსკვლავიან სასტუმროს, რომელთანაც ინტეგრირებული იქნება გასართობი და სავაჭრო ცენტრი, "დაბი ჯგუფი" რუსთაველის გამზირზე აშენებს. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ "დაბი ჯგუფის" თავმჯდომარემ, შეიხმა ნაჰიან ბინ მუბარაქ ალ ნაჰიანმა განაცხადა, "დაბი ჯგუფი" საქართველოში ინვესტიციების გაზრდას გეგმავს.

"საქართველოს აქვს ძლიერი ინფრასტრუქტურა, კარგი სერვისები, კარგი კანონები, უსაფრთხოება და გამჭვირვალობა. ეს ყველაფერი ახალისებს ინვესტიციების მოზიდვას. ვიმედოვნებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ხელს შეუწყობს არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებას და გაზრდის ინვესტიციების რაოდენობას საქართველოში", - განაცხადა შეიხმა.