სოფლის მეურნეობა უნდა გახდეს ეფექტურად მზარდი დარგი როგორც ექსპორტის ნაწილში, ასევე შიდა მოხმარების დაკმაყოფილებისა და პირველ რიგში იმპორტის შემცირების ნაწილში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა.
პრემიერმა ხაზი გაუსვა აგროსასურსათო ბალანსის გაუმჯობესების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ მთავარი მიზანია, ქვეყანაში წარმოებულმა სოფლის მეურნეობის პროდუქციამ მაქსიმალურად ჩაანაცვლოს იმპორტი, დააკმაყოფილოს შიდა მოთხოვნა და გავიდეს ექსპორტზე.
გიორგი გახარიას თქმით, უმნიშვნელოვანესია მეტი აქცენტი გაკეთდეს ქართული ღვინის ინდუსტრიის ხარისხის სტანდარტებზე.
პრემიერმა აღნიშნა, რომ საჭიროა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე კონცენტრირებულად მუშაობა და ისეთი თემები, როგორიცაა მიწის სისტემური რეგისტრაცია, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იუსტიციის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს, მაქსიმალურად მოკლე ვადაში დასრულდეს. გარდა ამისა, უნდა მოხდეს სამეწარმეო სიმძლავრეების გამსხვილება და ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას მეცხოველეობის ხელშეწყობისკენ. მთავრობის მეთაურმა უწყებას დაავალა, უმოკლეს დროში წარუდგინოს მეცხოველეობის დარგის განვითარების სტრატეგია და კონკრეტული სამოქმედო გეგმა.
შეხვედრისას ასევე აქცენტი გაკეთდა მელიორაციაზე და ამ კუთხით 2020 წლის გეგმებზე.
გიორგი გახარიამ, სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმების მაღალ კონცენტრაციასთან ერთად, ყურადღება ეფექტურობის კუთხით არსებულ გამოწვევებზეც გაამახვილა.
„ყველას კარგად გვესმის, რომ იმ ცვლილებებსა და ინვესტიციებს, რაც ბოლო წლების განმავლობაში სოფლად განხორციელდა, თავისი ხელშესახები შედეგები უკვე უნდა ჰქონდეს - აქვს, თუმცა ერთმნიშვნელოვნად უნდა ვიფიქროთ როგორც ბაზრების, ასევე პროდუქტიულ დივერსიფიცირებაზე. სოფლის მეურნეობა უნდა გახდეს ეფექტურად მზარდი დარგი როგორც ექსპორტის, ასევე შიდა მოხმარების დაკმაყოფილებისა და პირველ რიგში იმპორტის შემცირების ნაწილში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი კომპონენტი. მესმის, რამდენად რთულია ამ ორი საკმაოდ რთული სფეროს ერთმანეთთან ინტეგრირება და ამას დრო სჭირდება, თუმცა ვიცი, რომ აქაც გარკვეული წარმატებები გვაქვს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილისგან და სამინისტროს თანამშრომლებისგან მოისმინა ინფორმაცია სამინისტროს 2019 წლის შედეგებისა და 2020 წლისთვის დაგეგმილი პროექტების შესახებ. შეხვედრას მინისტრის მოადგილეები და უწყების დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები დაესწრნენ.
პრემიერ-მინისტრი მსგავსი ფორმატის სამუშაო შეხვედრებს სამთავრობო უწყებებში რეგულარულად გააგრძელებს.