ივანე მაჭავარიანი დღგ-ს თაღლითობის საქმეზე - სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ არც ერთ ადამიანზე, რა რანგისაც არ უნდა იყოს, ხელის დაფარება არ მოხდება

სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ არც ერთ ადამიანზე, ვინც არ უნდა იყოს და რა რანგის მატარებელიც, ხელის დაფარება არ მოხდება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღგ-ს თაღლითობის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

"გამოძიებაში ყველა საგამოძიებო უწყებაა ჩართული. თემა უმაღლეს პოლიტიკურ დონეზეა აყვანილი, შესაბამისად არანაირი დანდობა ამ მიმართულებით არ იქნება,"-აღნიშნა მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, 100-მდე ადამიანზეა სისხლის სამართლის საქმე აღძრული და მათი უმეტესობა ყოფილი საჯარო მოხელეა.

შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მიმდინარე წლის აგვისტოში გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამოავლინეს და თავიდან აიცილეს 100 მილიონ ლარამდე ყალბი აქტივის გამოყენების შესაძლებლობა და ამავე ოდენობის ზიანის მიყენების საფრთხე სახელმწიფო ბიუჯეტისთვის.